ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გაურკვეველი ვადით აამოქმედეს


14 მაისს „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, 17:00 სთ-დან გაუქმებამდე, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება.

„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად“, - ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით „საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“.

შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. „ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - წერია განცხადებაში.

ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 - წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“.

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

XS
SM
MD
LG