კრემლში საქართველოს საშინაო საქმე უწოდეს „აგენტების კანონის“ მიღებას და განაცხადეს, რომ ამ საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს სიტუაციაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა „უცხოეთის აგენტების“ კანონის პარლამენტში განხილვის გამო. პესკოვის პასუხის თანახმად, „არაერთხელ თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საშინაო საქმეა“, რომელშიც „არანაირად არ სურთ ჩარევა“.
„ერთი მხრივ, კონსტატირებას ვახდენთ საქართველოს ხელმძღვანელობის მტკიცე სურვილის, თავისი ქვეყანა დააზღვიოს საშინაო საქმეებში დაუფარავი ჩარევისგან, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. მეორე მხრივ, ვხედავთ გარედან საქართველოს საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევას“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, საქართველოს სანქციების გამოყენებით ემუქრებიან, რაც ქვეყნის „საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევაა“. პუტინის პრესმდივნის მტკიცებით, რუსეთი არ ერევა და ჩარევას არც მომავალში აპირებს.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ნაწილი წერს, რომ პესკოვმა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა დასავლეთი, თუმცა, იმ ციტატების მიხედვით, რომლებსაც ავრცელებენ, პესკოვი კონკრეტულად დასავლეთს არ ახსენებს.