ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია "განეიტრალებისთვის"


თბილისი საპროტესტო აქციებითაა მოცული. 14 მაისს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მესამე მოსმენით კენჭი უყარა და მიიღო კანონი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელსაც საზოგადოება „რუსულ კანონს“ უწოდებს.

კანონის მიღებას პარლამენტის გარეთ მდგომი ხალხი აპროტესტებდა. მათ დასაშლელად, შუადღეს სპეციალური ზომები გამოიყენეს. მშვიდობიანი მომიტინგეები 9 აპრილის, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიდან, რაც პარლამენტის გარს აკრავს, უხეშად, ძალის გადამეტებული გამოყენებითა და დაკავებების გამოყენებით დაშალეს. უსასტიკესად მოექცა პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალგაზრდებს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზეც.

No to Russian law - protest in Tbilisi, Georgia

14 მაისს პოლიციამ 13 მოქალაქე დააკავა. მხოლოდ ეს არაა სრული სია, რადგან დღის ბოლომდე, შესაძლოა, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს. დაკავებულთა შორისაა დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა, „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი. მას უსასტიკესად გაუსწორდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები. რამდენიმე სატელევიზიო მაუწყებლის ცოცხალ ეთერში მოხვდა კადრები, სადაც ცხადად ჩანს, რომ პოლიცია მის მიმართ აშკარად არასათანადო და გადაჭარბებულ ძალას იყენებს. ხოლო ის მდგომარეობა, რომ გდდ-ს წარმომადგენლებთან „შეთრევის“ შემდეგ მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რადგან მრავლობითი მოტეხილობები აქვს სახეზე, მათ შორის, დამსხვრეული აქვს ზედა ყბის, თვალის ბუდისა და ყვრიმალის ძვლები.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ ქაცარავა რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას გდდ-ს წარმომადგენლებისგან. მასთან მიიჭრებიან, იტაცებენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან.

14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზეც დაუსვეს კითხვა, რადგან მისი ნაცემ მდგომარეობაში ხილვა ყველაზე მეტად რუსეთის წარმომადგენლებს მიანიჭებდა სიამოვნებას. კობახიძეს პასუხისას თქვა, რომ არ ფიქრობს, თითქოს ქაცარავა რუსებს აღიზიანებდა. მისი თქმით, „ის აწყობდა პროვოკაციებს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან.“ კობახიძემ დასძინა, რომ ქაცარავამ შეიგინა, რამაც სამართალდამცავ სტრუქტურების წარმომადგენლებს მოთმინება დააკარგვინა, „იყო გინების ფაქტი, შეურაცხყოფა. სამართალდამცავ სტრუქტურებს მართებთ მოთმინება“,- განაცხადა კობახიძემ, რომელიც ქაცარავას გაშავებას ჟურნალისტების წინაშე არ მოერიდა, მიუხედავად, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი აშკარა ძალადობის ფაქტისა.

დავით ქაცარავა წლების განმავლობაში ახორციელებს სამოქალაქო პატრულირებას ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან. მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რაც ოკუპაციისა და განგრძობითი ბორდერიზაციის ფაქტებს ასახავს, განსაკუთრებით ღირებული და ექსკლუზიურია. უკანასკნელ პერიოდში ის პატრულირებდა აფხაზეთის მიმართულებითაც. მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, უკრაინის ომში. მისი საქმიანობა მუდმივად აღიზიანებდა რუსულ მხარეს, რაც ასევე მუდმივად განცხადებების გაკეთების მიზეზი იყო ჟენევის დისკუსიებზე და ერგნეთში. შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენდა რუსული მხარის ღია სამიზნეს.

No to Russian law - protest in Tbilisi, Georgia

განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდა ლაზარე გრიგორიადისიც, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული აქტივისტი გასული წლის მარტის აქციებიდან, რაც ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რომ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ის კვლავაც პატიმრობაში იქნებოდა. მისი პერსონის თაობაზე არაერთხელ გაკეთდა განცხადებები მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ მინისტრის მხრიდანაც, რომ ის არ უნდა გამოსულიყო საპატიმროდან. 14 მაისს მისი დაკავება დემონსტრაციის ადგილიდან პირადი ანგარიშსწორებაა, - აცხადებს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე.

14 მაისს მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსაც. ის განსაკუთრებით აქტიურობდა აქციების მენეჯმენტის მიმართულებით. უზრუნველყოფდა თანხისა და საჭირო ნივთების მობილიზებას მომიტინგეებისთვის, დაწყებული საწვიმრებით, დასრულებული ფიზიოლოგიური ხსნარითა და საკვებით. ამის თაობაზე ჟორჟოლიანი ღიად წერდა სოციალურ ქსელებში.

რამდენიმე დღის წინ დააკავეს აქციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მენეჯერი, ბლოგერი და სამხედრო სფეროს სპეციალისტი, უჩა აბაშიძე. თავდაპირველად მის მიმართ, მტკიცებულებების სახით, პოლიციამ სათამაშო იარაღი წარმოადგინა, მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და ახლა მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებასა და შენახვას ედავებიან. უჩა აბაშიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად წერდა საგანმანათლებლო ვიდეოებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება თავდაცვა პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, როგორიცაა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და სხვა.

No to Russian law - protest in Tbilisi, Georgia

უჩა აბაშიძე ელოდა, რომ მას დააკავებდნენ. მას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული ამის თაობაზე, მათ შორის ონლაინ და გაცემული ჰქონდა მითითებები ახლობლების მიმართ, როგორ უნდა ემოქმედათ ასეთ შემთხვევაში.

ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი ჟამერაშვილს, პალიტრა ნიუსის ფოტოგრაფს, ტვ პირველის ოპერატორს. ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრი ზურა ხომერიკიც.

ანგარიშსწორების მსხვერპლებად მიიჩნევენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც, ვისაც 9 აპრილის შემდეგ, პერიოდულად, ფიზიკურად უსწორდება გდდ. მათ შორისაა ენმ-ს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და მისი ოჯახი, რომელსაც ხან აკავებენ და ხან უსაფრდებიან.

No to Russian law - protest in Tbilisi, Georgia

დაკავებებისა და ანგარიშსწორების დინამიკა ორგანიზებულ კამპანიას ჰგავს, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული ცალკეული პირები, გარკვეული მიმართულებით, საკვანძო ფიგურები. ამის თაობაზე დღეს ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ გრძელდება ძალადობა, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ძალადობაზე დგას. მას უკვე სხვა მეთოდი, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს ქართველ ხალხთან, აღარ გააჩნია. ძალადობის ჯაჭვი დღესაც გრძელდება. 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო ერთი თვის განმავლობაში. უმეტესობა მათგანი, ფიზიკური დაზიანებებითაა გადაყვანილი დროებითი დაკავების იზოლატორებში. პოლიციელთა მხრიდან ძალადობა, წამება, არასათანადო მოპყრობა იქცა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად. ძალის გადამეტება ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული,“- უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი.

No to Russian law - protest in Tbilisi, Georgia

პრესკონფერენციაზე, პრემიერ მინისტრმა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ არის ვინმე პასუხისგებაში მიცემული, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხა, რომ შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა, ძალის გადამეტების შემთხვევას სწავლობენ. შესწავლის პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.

XS
SM
MD
LG