ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ო'ბრაიენი: კანონი ხლეჩს საქართველო-ამერიკის პარტნიორობას


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

"მე აქ ჩამოვედი, რადგან ამერიკა ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან და ამას სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში ვუყურებთ", - ასე დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საუბარი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ო'ბრაიენის თქმით, მან თბილისში ჩატარებული შეხვედრების დროს მკაფიოდ თქვა, რომ ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის იმ ფორმით მიღებას, რა ფორმითაც მას პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა, "შედეგები მოჰყვება".

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ო'ბრაიენმა საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და თქვა, რომ მას ჰქონდა სურვილი შეხვედროდა "ქართული ოცნების" საპატიო პრეზიდენტს, თუმცა მისგან უარი მიიღო იმ მიზეზით, თითქოს დასავლეთს ივანიშვილზე სანქციები აქვს დაწესებული და მას ამით აშანტაჟებენ. ო'ბრაინემა ასევე გაკვირვება ვერ დამალა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ასეთი გავლენის ადამიანი ასე "არასაწორადაა ინფორმირებული".

"ამ ეტაპზე მის [ივანიშვილის] მიმართ სანქციები არაა დაწესებული. ის, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდადაა ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა", - უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ივანიშვილის უარი მასთან შეხვედრაზე, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საკუთარი ინტერესების დაყენებას ნიშნავს.

"მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს ქვეყნის წინაშე კონსტიტუციაში გაწერილ ვალდებულებაზე წინ პირადი ინტერესის დაყენებას", - თქვა ო'ბრაინმა.

თავად "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსმა თქვა, რომ "კანონი არ ეხმიანება [ევროკავშირის] სტანდარტებს". ო'ბრაინმა კანონთან დაკავშირებით "გამჭვირვალე" მოლაპარაკებებისა და მისი ერთგვარად შერბილების ინიციატივა წამოაყენა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას და ევროინტეგრაციას, ამიტომ კანონი ვეროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

"თუ მოლაპარაკებები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, შედგება და კანონი შესაბამისად მოდიფიცირდება, მაშინ ეს იქნება გზა იმისთვის, რომ ჩვენი პარნტიორობა გაძლიერდეს და არა - გაიხლიჩოს, რაც ვშიშობ რომ ახლა ხდება", - განმარტავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

ო'ბრაიენმა თქვა, რომ ე.წ "უცხოეთის გავლენის" კანონის იმ ფორმით მიღება და აღსრულება, რა ფორმითაც ის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.

ორი ქვეყნის ურთიერთობებს შორის შესაძლო დაძაბულობის მაგალითად, ო'ბრაიანმა ის ფინანსური დახმარება მოიყვანა, რომელსაც, ამერიკა საქართველოს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით აწვდის.

"საქართველოსთვის მთელი ჩვენი დახმარება გადაიხედება, თუ აღქმული ვიქნებით მოწინააღმდეგედ და არა - პარტნიორად", - თქვა ო'ბრაინმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შესაძლო საქნციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, ამერიკა ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.

"თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, აქ დემოკრატიას ძირი გამოეთხრება და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ ამერიკის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

მან ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ "გლობალური ომის პარტიის" ნარატივის შესახებაც ისაუბრა:

"რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის თეორიებს და იმას, თითქოს, ამ პარტიას სურს "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ: ჩემი აზრით, ესაა ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ", - განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან შეხვედრა თბილისში, საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. ამერიკელმა დიპლომატმა ამ თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრაციები მშვიდობიანი იყოს და, რომ პოლიციაც შესაბამისად, მშვიდობიანად იქცეოდეს.

"არ იყოს დაშინება, თავდასხმები. ვინც დამნაშავეა და ვინც ესხმის თავს, აუცილებელია, წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".

ჯიმ ო'ბრაიენი ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, ირაკლი კობახიძეს, სალომე ზურაბიშვილსა და არასამათვრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძესა და ო'ბრაიენს შორის შეხვედრამ ორ საათზე მეტხანს გასტანა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხანგრძლივი შეხვედრის დროს” შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე”.

„მთავრობის მეთაურმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”, - წერია განცხადებაში.

ამას გარდა, ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროება განუმარტა და „კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს”.

ამავე განცხადების ბოლო ნაწილში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ამერიკასთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც „ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG