ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერბოკი: ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფოტოებს ავრცელებს.

გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ბერბოკის სიტყვებით, ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ "ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს".

"რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ყველანი აპროტესტებენ მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი ფინანსდება საზღვარგარეთიდან.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს. ის თბილისის ქუჩებში ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. და ხელისუფლების გადასაწყვეტია ამ ხმის მოსმენა", - წერს ბერბოკი.

XS
SM
MD
LG