ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი: ამერიკა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმარება


რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან ორი თვის თავზე, კიევში ერთდროულად ჩასულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა თქვეს, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთთან ომის მოგებაში დაეხმარება. ამერიკის მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინა ამერიკისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს.

„ის (პრეზიდენტი ზელენსკი) ფიქრობს, რომ მათ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ კი გვსურს დავეხმაროთ მათ გამარჯვებაში“, თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პოლონეთში. მან ეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამერიკის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ ორი თვის თავზე უკრაინაში ბრძოლის ტაქტიკა შეიცვალა და უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან დამატებით და სხვა ტიპის იარაღს საჭიროებს, საუბარია საარტილერიო და სხვა საბრძოლო მასალებზე, რომლებსაც კიევი ვაშინგტონისგან მიიღებს.

„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის ის რომ გჯეროდეს, რომ შეგიძლია გაიმარჯვო“,თქვა ოსტინმა. „ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის განახლების შემდეგ ეს პირველი ყველაზე მაღალი ოფიციალური ვიზიტი იყო ვაშინგტონიდან. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებმა თქვეს, რომ ვაშინგტონი კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. საუბარია დამატებით 300 მილიონ ამერიკულ დოლარზე სამხედრო დახმარებისთვის და 165 მილიონ ამერიკულ დოლარზე რომელიც საბრძოლო მასალის შესყიდვას მოხმარდება.

საერთო ჯამში ამერიკამ უკრაინას უკვე მიაწოდა სამ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პირადად გამოგვეხატა ჩვენი ძლიერი, მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და დაამატა, „ ჩვენი აზრით ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი პირდაპირი და დეტალური საუბრისთვის“.

ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან სამ საათს გაგრძელდა, სადაც უკრაინის საჭიროებები იყო განხილული, დახმარებას კი უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკისა და პარტნიორი 30 ქვეყნის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და მას „რეალური შედეგები“ აქვს.

„რუსეთი მარცხდება უკრაინა წარმატებას მიაღწევს. რუსეთი ცდილობდა შეესრულებინა მისი მთავარი მიზანი, სრულად დაემორჩილებინა უკრაინა, ქვეყნისთვის წაერთმია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს ჩაიშალა“, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ვაშინგტონი კიევს "ჰაუბიცებს" უგზავნის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

პარალელურად თეთრმა სახლმა უკრაინაში ელჩი წარადგინა. ეს ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

ბრინკს დიდი გამოცდილება აქვს, ის 2019 წლიდან მსახურობს ელჩად სლოვაკათში, მანამდე ის ამერიკას წარმოადგენდა, სერბეთში, კვიპროსში, საქართველოსა და უზბეკეთში, ბრინკი ასევე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოში.

უკრაინაში ამერიკის ელჩის კანდიდატურას ამერიკის სენატი განიხილავს. ამ დრომდე უკრაინაში ამერიკის საელჩო დახურულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვიზიტის განმავლობაში, ჟურნალისტებს არ ჰქონდათ უფლება გაემჟრავნებინათ ვიზიტის დეტალები მანამ, სანამ ამერიკის ოფიციალური პირები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებდნენ. პოლონეთში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ჟურნალისტებს ვრცელი კომენტარები მისცეს.

პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ ვაშინგტონი 713 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინისა და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნისთვის. კიევს 322 მილიონი დოლარის კრიტიკული სამხედრო მარაგები მიეწოდება, დანარჩენი თანხა კი 15 ქვეყანაზე გადანაწილდება საჭიროებისამებრ. რაც ქვეყნებს მისცემს საშუალება შეავსონ მარაგები და შეიძინონ თავდაცვისთვის საჭირო იარაღი რომელიც მათ ჭირდებათ.

პოლონეთიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში დაბრუნდება, თავდაცვის მდივანი კი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG