საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ქვეყანაში აშშ-ს კონგრესის დელეგაცია იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით.
“ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი, აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე... ქართველებმა კარგად იციან რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა ერთად დავდგეთ”ქრის ქუნსი, ამერიკელი სენატორი
“ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი, აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე, ქართველებმა კარგად იციან რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა ერთად დავდგეთ” - აღნიშნა სენატორმა ქუნსმა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, ისე სპეციალურ ბრიფინგზე.
„როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ...დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“ - განაცხადა საპასუხოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“.
აშშ-ს კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში არიან შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენები სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი, ტედ დოიჩი და გარი პიტერსი.
„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო და უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან. ამიტომ მინდა რომ მეტი გავიგოთ საქართველოს შესახებ. მინდა, ყველას ვაცნობო საქართველოში, რომ მინდა გაგრძელდეს მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია თქვენთან მშენებლობის პროცესშია" - მიაჩნია მიჩიგანელ სენატორს გარი პიტერს.
აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, საგარეო მინისტრ დარჩიაშვილს, ოპოზიციას, უკრაინელ დევნილებს და რუსეთიდან გამოქცეულ დისიდენტებს.
„როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ..დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს.სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ქრის ქუნსმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომლებშიც აშშ საქართველოსგან პროგრესს ელის. „ჩვენ გვინდა, კიდევ წინ წავიდეთ საკითხებში, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფალ მედიას.
ჩვენ ვიღებთ თქვენგან შეკითხვებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ არჩეული ოფიციალური პირები ჩვენს ქვეყანაში, და ჩვენ ვაფასებთ მასმედიას და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს, პოლიტიკური ზეწოლის მხრივ“- თქვა ქუნსმა.
მისი თქმით, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკურ განვითარებაში, უსაფრთხოებასა და კანონის უზენაესობაში“.
აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ევროპულ ტურნეში იმყოფება. საქართველოს გარდა, დელეგაცია საფრანგეთს და იტალიას მოინახულებს, ვიზიტის მიზანი ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაა.