ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ


უკრაინელ ლტოლვილთა მიმღები ცენტრი, პოლონეთი.
უკრაინელ ლტოლვილთა მიმღები ცენტრი, პოლონეთი.

პოლონეთში შეერთებული შტატების კანონმდებელთა ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ახლა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისთვის გადაუდებლად მნიშვნელოვანია უკრაინის აღჭურვა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რაც კიევს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

შვიდწევრიანი დელეგაცია, რომელსაც დემოკრატი სტივენ ლინჩი ხელმძღვანელობს, აღმოსავლეთ პოლონეთში უკრაინელი ლტოლვლილების მიმღებ ცენტრს ეწვია. 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი უკრაინაში განმეორებით შეიჭრა, პოლონეთმა უკვე 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

„ჩვენ აქ ვართ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს იმ დაუჯერებელი გულუხვობისთვის, რომელსაც ისინი ლტოლვილების მიმართ იჩენენ“ - განაცხადა სტივენ ლინჩმა, კონგრესის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტში, ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ.

შაბათს, მედიასთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, ამრიკელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინისთვის დახმარების აუცილებლობას და განაცხადეს, რო ვიდრე „ცხელი ომი“ მიმდინარეობს, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ადგილი არ არის.

„ყველაზე გაუდაუდებელი ზომა, რაც შეგვიძლია მივიღოთ, ისაა, რომ დავრწმუნდეთ, უკრაინელ მებრძოლებს - იმ მამაც პატრიოტებს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჰქონდეთ ყველანაირი აღჭურვილობა, ყოველგვარი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ“ - განაცხადა ლინჩმა.

უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო მისიის შესახებ შეკითხვაზე პასუხად, მან თქვა: „დისკუსიისთვის დრო იქნება, იმედია იქნება დიპლომატიის დრო. მაგრამ, ახლა მე ვფიქრობ, რომ უკრაინელი სამხედროები ძალზედ გმირულად აღუდგნენ წინ ბევრად უფრო დიდ მტერს.“

ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს აგრესიას, "ამაზე პასუხის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის სამხედრო ძალა", - თქვა ლინჩმა.

„თქვენ გააერთიანეთ ნატო, თქვენ გააერთიანეთ ევროკავშირი და გააერთიანეთ შეერთებული შტატების კონგრესი. ჩვენ ვდგავართ თქვენი ტირანიის წინააღმდეგ, თქვენ ომის დამნაშავე ხართ“ - ვლადიმირ პუტინის მიმართ ეს გზავნილი, ამერიკელ კანონმდებელთა დელეგაციის რესპუბლიკელ წევრს, მარკ გრინს ეკუთვნის. კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხუთშაბათს ბრიუსელში, ნატოს საანგებო სამიტს დაესწრება. სამიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროპის უსაფრთხოებაზე იქნება ფოკუსირებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG