18 მარტს ზაპორიჟიეს გარეუბანზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებული ორი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახური, ზაპორიჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერ ივან არეფიევზე დაყრდნობით იუწყება.
არეფიევის თქმით, გარდაცვლილთა შორის ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ერთი თანამშრომელი იყო, დაჭრილთა შორის კი - სამი. ყველა დანარჩენი დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეა.
"ოკუპანტები სისტემატურად ბომბავენ ჩვენს პოზიციებს, იყენებენ ნაღმმტყორცნებს, ტანკებს, ვერტმფრენებს და მაღალი სიმძლავრის სარაკეტო სისტემებს", - დასძინა ზაპოროჟიეს სამხედრო საბჭოს სპიკერმა. მისივე თქმით, ნგრევისა და მსხვერპლის მიუხედავად, ზაპოროჟიე მძაფრ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებს.
"განვლილი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინისა და ზაპორიჟიეს დამცველებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და დააზიანეს ორი სადესანტო ჯავშანმანქანა, ასევე უშენდნენ ინტენსიურ ცეცხლს როგორც წინა ხაზზე, ისე სიღრმეში მყოფ მოწინააღმდეგის ძალებს, რომელიც კვლავ განიცდის როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგს“, - განაცხადა ივან არეფიევმა.
24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი.