ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოდოლიაკი: გერმანიის ხელისუფლების განცხადებები რუსეთს „მასობრივი მკვლელობისკენ აქეზებს“


რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის სპიკერმა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გერმანიის ხელისუფლება „უკრაინაში მასობრივ მკვლელობაში რუსეთის წახალისებაში“ დაადანაშაულა. პოდოლიაკი, გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლაბრეხტის, ერთ-ერთ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა.

"გერმანელმა მინისტრმა ლამბრეხტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო არ ჩაერევა კონფლიქტში და არ შექმნის უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას. ეს მომაკვდინებელია. ევროპელი პოლიტიკოსების ყოველი ასეთი განცხადება რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მასობრივი მკვლელობისკენ აქეზებს. თუ თქვენ არ გსურთ, რომ ომს ომი უწოდოთ და პუტინის გეშინიათ, მაშინ პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

18 მარტს გერმანულ გამოცემა „ზიუდოიჩე ცაიტუნგთან“ ინტერვიუში კრისტინე ლამბრეხტმა კვლავ გამორიცხა უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა და არასაფრენი ზონის შექმნა. მისი თქმით, ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ გამოიწვიოს.

ლამბრეხტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

XS
SM
MD
LG