ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსეთის ყოფნას პროტესტი მოჰყვა


ოთხშაბათს, დიდი ოცეულის შეხვედრის დროს, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლების ყოფნაზე პროტესტის ნიშნად, ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და კანადის უმაღლესი რანგის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა დემონსტრატიულად დატოვეს. დიდი ოცეულის ბევრი წევრი სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მოსკოვის ომი დაგმო, რაც წამყვანი ეკონომიკების ბლოკში ღრმა გათიშულობის მაჩვენებელი გახდა.

ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც ვაშინგტონში შეხვედრის თავმჯდომარე იყო, აღიარა, რომ ორგანიზაცია უმაგალითო გამოწვევების წინაშე იდგა, მაგრამ წევრებს გლობალური ეკონომიკური ზრდის დაბრკოლებების გადასალახად თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დიდ ოცეულში შედიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც მოსკოვს უკრაინაში ომის დანაშაულში დასდეს ბრალი და ასევე ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა, რომლებიც კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდნენ.

ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ შეხვედრის დროს ბევრმა ქვეყანამ ომის წინააღმდეგ ისაუბრა, თუმცა მას ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

სააგენტო „როიტერს“ ორმა წყარომ უთხრა, რომ შეხვედრის დატოვებამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა მონაწილეებს უთხრა, რომ შეხვედრაზე რუსეთის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირის ყოფნას მკაცრად გმობდა. მას შეუერთდნენ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ინგლისის ბანკის მმართველი ენდრიუ ბეილი, კანადის ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილენდი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი.

შეხვედრის დეტალებში ჩახედულმა წყარომ თქვა, რომ დარბაზი დატოვეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმაც, რომლებიც ვაშინგტონში მილიარდობით დოლარის დამატებითი ფონდების მოსაძიებლად იმყოფებიან.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, მონაწილეების დარბაზიდან დემონსტრატიული გასვლა არ ახსენა.

XS
SM
MD
LG