ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ მოსკოვმა ახალი, უნიკალური იარაღი გამოსცადა


რუსეთი აცხადებს, რომ კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა. ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს მოსკოვის არსენალისთვის მნიშვნელოვანი დანამატია და რუსეთის მტრები გაცილებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ატყობინებენ პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პლესეტსკიდან რაკეტის გაშვების ცნობას. რაკეტა მათი ანგარიშის თანახმად, უკიდურეს აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე სამიზნეს დაეცა.

"სარმატის" განვითარებაზე რუსეთი წლების განმავლობაში მუშაობდა, მისი სატესტო გაშვება დასავლეთისთვის სურპრიზი არ ყოფილა. მაგრამ უკრაინასთან ომის და დასავლეთთან უკიდურესი დაძაბულობის პირობებში, ეს დამატებით გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

"ახალ კომპლექსს აქვს უმაღლესი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები და მას შეუძლია გადალახოს ყველა თანამედროვე ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემა. მას არ აქვს ანალოგი მსოფლიოში და კიდევ დიდხანს არ ექნება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. "ეს მართლაც უნიკალური იარაღია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს და დაფიქრების მიზეზს მისცემს მათ, ვინც შეუკავებელი აგრესიული რიტორიკის პირობებში ცდილობს ჩვენს ქვეყანაზე მუქარას", - დასძინა მან.

სტრატეგიული კვლევების საერთაშიროსო ინსტიტუტის უფროსი სამხედრო მკვლევარი ამბობს, რომ დაფინანსებასა და დიზაინთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის და წლების დაყოვნების შემდეგ ეს გაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი აზრით, რუსეთს კიდევ არაერთი სატესტო მოქმედება დასჭირდება იმისთვის, რომ ეს სისტემა მოძველებული SS-18-ისა SS-19-ის ნაცვლად გამოიყენოს. დუგლას ბარის აზრითვე, "სარმატის" შესაძლებლობები სატელიტური სარადარო სისტემებისთვის გამოწვევაა, და მათი "საქმე შესაძლოა გართულდეს".

ანალიტიკოსთა აზრით, ამ რაკეტის გამოცდის დრო რუსეთის უკვე ხანგრძლივ მუქარას შეესაბამება იმის თაობაზე, რომ კრემლს ბალისტიკური იარაღის გამოყენება შეუძლია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უკრაინაში მოსკოვმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია.

XS
SM
MD
LG