რუსეთში პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ახლა პრეზიდენტის თანაშემწეა, ამბობს, რომ კურსკის რეგიონზე უკრაინის თავდასხმის უკან დასავლეთი დგას.
16 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრისას, პატრუშევმა განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს რუსეთზე თავდასხმაში სწორედ ნატომ და დასავლეთის ქვეყნებმა აღმოუჩინეს დახმარება. ის ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იყო.
„კურსკის რეგიონში ოპერაცია დაიგეგმა ნატოსა და დასავლური სპეცსამსახურეობის მონაწილეობით“, - ამბობს პეტრუშევი თუმცა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუს დროს მას ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია. პუტინის თანაშემწეს ასევე მიაჩნია, რომ დასავლეთი რუსეთს უკრაინის ხელით ებრძვის, რადგან მათ რუსეთთან პირდაპირი ომის სურვილი არ აქვთ.
„მათი მონაწილეობის და პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე არ შევიდოდა“, - ამბობს ნიკოლაი პატრუშევი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინას ვაშინგტონისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად არ მიუწოდებია.
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შეიჭრა და უკვე კვირაზე მეტია კურსკის რეგიონში ათობით სოფელს აკონტროლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინა ახერხებს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად კრემლი რეგიონში დამატებით ძალებს გზავნის, რუსეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, რომ საზღვრისპირა რეგიონში, კურსკში უკრაინის შეჭრა იყო აუცილებელი მოსკოვის დასარწმუნებლად, რომ დაიწყოს „სამართლიანი“ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ კურსკის ოკუპაციის ინტერესი და უკრაინის სურვილია, იქ მიმდინარე პროცესები მოლაპარაკებების პროცესში მათი ინტერესების გასაძლიერებლად გამოიყენოს.
„რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ“,- წერს პოდოლიაკი. მის განცხადებას წინ უსწრებდა უკრიანის ოფიციალური განცხადება სადაც აღნიშნული იყო, რომ კურსკის რეგიონში რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, კიევმა სამხედრო კომენდატი დანიშნა.
ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ამ დროისთვის უკრაინა რუსეთის ტერიტორიის 0,003%-ზე ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს. რუსეთში შეჭრიდან 10 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინას რუსეთში დაახლოებით 450 კვადრატული კილომეტრი უკავია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მართალია, რუსეთის მასშტაბისთვის ეს ტერიტორია ძალზე მცირე მოცულობისაა, მაგრამ პუტინისთვის თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და უკვე 10 დღეა რუსული რეგიონის ნაწილზე კრემლს კონტროლი აქვს დაკარგული, პუტინისთვის წითელი ხაზია.
კვირის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა, კრემლში გამართულ მორიგ სპეციალურ შეხვედრაზე თქვა, რომ კურსკის რეგიონიდან „მტერს განდევნიდა“ და რეგიონზე რუსეთი სრულ კონტროლს აღადგენდა.
Facebook Forum