პოლონეთმა, ბერლინისგან, 2022 წელს "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი მიიღო. პოლონეთის პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი ვოლოდიმირ ზ., რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანაში აღარ იმყოფება.
პოლონელი პტოკურორები ამბობენ, რომ გერმანიას ის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეყვანილი არ ჰყავდა, შესაბამისად, მან ქვეყნის დატოვება მოახერხა.
მილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტების - "ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2" - მილსადენები ბალტიის ზღვის ქვეშაა გაყვანილი და მათი მეშვეობით რუსული გაზს ევროპას მიეწოდებოდა. თუმცა, 2022 წლის სექტემბერში მათთან ძლიერი აფეთქებები მოხდა.
გერმანელი გამომძიებლები ამბობენ, რომ იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც თავდასხმა მოაწყო, უკრაინელი მყვინთავი ვოლოდიმირ ზ. იყო. ამის შესახებ ორი გერმანული გამოცემა და ერთი მაუწყებელი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
პოლონეთის გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ანნა ადამიაკი ამბობს, რომ გერმანიამ დაკავების ევროპული ორდერი ვარშავას ივნისში გადასცა, მაგრამ ის არ დაუკავებიათ, რადგან ივლისის დასაწყისში მან პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა კი მის შესახებ არ იცოდა, რადგან გერმანიას ის ძებნილთა სიაში არ შეუყვანია. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეჭვმიტანილთა ვინაობის დასახელება აკრძალულია.
გერმანია ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან ურთიერთობა არ გაფუჭებულა. გერმანული მხარე უშუალოდ ამ პირთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.