რუსეთის საელჩო შეერთებულ შტატებში "ვაშინგტონ პოსტის" 6 ივნისის პუბლიკაციას ეხმიანება. რუსი დოპლომატი ანდრეი ლედენევი გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" გასულ წელს მომხდარი აფეთქების საქმეს "თეთრი ძაფით ნაკერს" უწოდებს, რადგან მისი მტკიცებით, რეალური მიზეზი სათანადოდაც კი არ არის დამალული.
"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული მასალა ინტერნეტში გაჟონილ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ გასული წლის ივნისშივე იცოდა, რომ უკრაინა გაზსადენის აფეთქებას გეგმავდა. პუბლიკაციის მიხედვით, ევროპის დაზვერვამ ამერიკულ სააგენტოს აცნობა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები რუსეთ-გერმანიის ამ პროექტზე აფეთქებას გეგმავდნენ.
რამდენიმე წყალქვეშა აფეთქება გასული წლის სექტემბერში, ბალტიის ზღვის შვედეთის და დანიის ეკონომიკურ ზონაში მოხდა. დაზიანდა "ჩრდილოეთის ნაკადი 1" და ახლადაშენებული "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რომლებიც რუსულ გაზსადენებს ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას აკავშირებს.
პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ყოველივე დასავლეთის მცდელობაა, მომხდართან დაკავშირებით, კიდევ უფრო დააბნიოს მსოფლიო. ანდრეი ლედენევმა განცხადება ოთხშაბათს, 7 ივნისს სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გააკეთა.
ლედენევის თქმით, ეს არის "დასავლეთის კოორდინირებული კამპანია, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას იმისთვის, რომ დააბნიოს საერთაშორისო საზოგადოება". მისი განცხადების მიხედვით, საქმე "თეთრი ძაფითაა ნაკერი" და "ბანალურობამდე მარტივია".
კრემლის ვერსიით, მრავალმილიარდიანი დოლარის ღირებულების გაზსადენის აფეთქების უკან დასავლეთის ძალები დგანან. შვედეთი და დანია კი აცხადებენ, რომ აფეთქება მიზანმიმართული იყო, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საქმე გახსნილი არ არის. გამოძიებაში ჩართულია გერმანიაც.
Facebook Forum