თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დამყარების მესამე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისია.
თალიბების სამხედრო აღლუმი ქაბულიდან 40 კილომეტრში ბაგრამის აეროდრომზე გაიმართა, იქ სადაც წლების განმავლობაში ამერიკული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. აღლუმს 10 000-მდე კაცი ესწრებოდა, ქალები ღონისძიებაზე არ დაიშვებოდნენ.
აღლუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო თალიბების პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ჰასან ახუნდი, თუმცა საზოგადოებას მის ნაცვლად მისი შტაბის უფროსმა მიმართა. ახუნდის განცხადების ტექსტში აღნიშნული იყო, რომ 2021 წელს თალიბანმა „დასავლეთის ოკუპაციაზე“ გაიმარჯვა.
თალიბანის მთავრობას აქვს „პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს ისლამური მმართველობა, დაიცვას საკუთრება, ხალხის სიცოცხლე და ჩვენი ერის პატივისცემა“, - ეწერა ახუნდის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თალიბები ქვეყანას 3 წელია მართავენ, მათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ დრომდე არ გააჩნიათ.
თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი თანდათანობით 2021 წლის აგვისტოში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ეტაპობრივად დატოვეს ქვეყანა.
20-წლიანი ომის შემდეგ ამერიკელი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო. მან 2021 წლის 14 აპრილს ერს ზუსტად იმ ადგილიდან მიმართა, სადაც 20 წლის წინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ომის დაწყება გამოაცხადა. ბაიდენმა მოსახლეობას მაშინ უთხრა, რომ ამერიკელი სამხედროები სამშობლოში 11 სექტემბრამდე დაბრუნდებოდნენ.
მას შემდეგ რაც ამერიკულმა ჯარებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, თალიბანის მებრძოლები თითქმის ყოველდღიურად იღებდნენ ავღანეთის საკვანძო ქალაქებს. დედაქალაქ ქაბულის აღება კი თალიბებმა 2021 წლის 15 აგვისტოს შეძლეს. მათ ლეგიტიმურად არჩეული ავღანეთის ხელისუფლება დაამხეს, რის გამოც არჩეული მთავრობის წევრებსა და ქვეყნის პრეზიდენტს ავღანეთის დატოვება მოუწიათ.
თალიბანის სამწლიანი მმართველობის პირობებში ავღანეთში კვლავ შეიზღუდა ქალთა უფლებები.
ავღანეთის 40-მილიონიანი მოსახლეობიდან 23.7 მილიონს ჰუმანიტარულ დახმარება სჭირდება - ნათქვამია 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ავღანელი ხალხის მხარდაჭერა, რადგან ისინი „ძლიერ არიან დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე“. მიზეზი კი ქვეყანაში არსებული სიღარიბეა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ავღანელ ქალებზე. ორგანიზაცია წერს, რომ თალიბანმა „მსოფლიოში ქალთა უფლებების ყველაზე სერიოზული კრიზისი“ შექმნა.
ავღანეთში თალიბანის მმართველობის პირობებში ქალთა უფლებები ეტაპობრივად შეიზღუდა. დღეს ავღანელ ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სრულად არიან ჩამოშორებული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მათ აკრძალული აქვთ მუშაობა, ასევე პარკებსა და სპორტულ დარბაზებში სიარული და უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
Facebook Forum