თალიბანის რელიგიურმა პოლიციამ ქაბულში მდებარე საქორწინო დარბაზების მფლობელები მკაცრად გააფრთხილა, რომ არ დაუშვან ქორწილის დროს მუსიკის დაკვრა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მათი აზრით, ისლამს ეწინააღმდეგება.
გასულ წელს, მსგავსი დაწესებულებების მფლობელებს თალიბანმა მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ მუსიკის დაკვრისგან, თუმცა ამას აკრძალვის ფორმა არ ჰქონია. 11 ივნისს ავღანეთის ამჟამინდელმა მმართველმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ მუსიკა მკაცრად და მთლიანად აიკრძალოს ნებისმიერ საქორწინო, ან მსგავს დაწესებულებაში.
თალიბანი მიიჩნევს, რომ მუსიკა ისლამის სწავლების საწინააღმდეგოა. 2021 წლის აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ნატოს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, ხელისუფლება კი თალიბანმა ჩაიგდო ხელში, ქვეყანაში არსებული კანონები გამკაცრდა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ქალთა უფლებები და ქვეყანაში შარიათის კანონები ამოქმედდა.
მსგავსი აკრძალვების გამო მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის მუსიკოსებიც, ცდილობენ, რომ ქვეყანა დატოვონ და თავშესაფარი დასავლურ ქვეყნებში მიიღონ, სადაც ცხოვრებას და მუშაობას თავისუფლად შეძლებენ.