ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორთა უთანხმოება სპიკერ მაკკართისთან


ცენტრში რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკკართი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
ცენტრში რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკკართი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

12 ივნისს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მუშაობა სპიკერთან კონსერვატორთა მკვეთრი დაპირისპირების ფონზე განაახლა. კონსერვატორ კონგრესმენთა ბირთვს კევინ მაკკართისთან უთანხმოება საბიუჯეტო საკითხებზე აქვს, კანონის ფედერალური ხარჯვის ნაწილში.

დღეს პირველი სამუშაო დღეა მას შემდეგ, რაც 11-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ულტრაკონსერვატიული ფრთიდან, პალატის მუშაობა გასულ კვირაში რამდენიმე დღით ჩაშალა. ისინი აპროტესტებდნენ ორპარტიულ გადაწყვეტილებას, ამერიკის საგარეო ვალის ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც პალატამ 31 მაისს დაამტკიცა.

კანონპროექტის დამტკიცება ისე მოხდა, რომ კონსერვატორი კონგრესმენების მოთხოვნები გარკვეულ საბიუჯეტო შეკვეცებთან დაკავშირებით, არ შესრულებულა. "ის, რაც თქვენ გასულ კვირას იხილეთ, იყო სრული გაღიზიანება ჩვენს რიგებში. და ახლა რეალურად გაცილებით გაბრაზებულები ვართ" - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" წამყვანმა კონსერვატორმა წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რალფ ნორმანმა.

წარმომადგენელთა პალატა ამ კვირაში რესპუბლიკელთა მიერ წამოყენებული რამდენიმე კანონპროექტის განხილვას გეგმავს. პროცესი ბოიკოტის გამო შეფერხდა. "ჩვენ დავბრუნდებით. ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ" - განაცხადა ტომ ემერმა, პალატაში რანგით მე-3 რესპუბლიკელმა.

კონსერვატორებთან დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში, სპიკერი მაკკართი დემოკრატებთან მცირე უპირატესობის - 222-213-ზე - ამარა დარჩება. ეს კი რესპუბლიკელებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად პოტენციურ რისკებს უქმნის. ამასობაში, წინ ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო კენჭისყრაა, მათ შორის - თავდაცვის ავტორიზაციის აქტის, სასოფლო-სამეურნეო, თუ საზედამხედველო კანონპროექტების მიმართულებით.

ცენტრისტი რესპუბლიკელები კონსერვატორებს აფრთხილებენ, რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯებით ისინი პალატის დემოკრატებს გააძლიერებენ. ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში, "მხოლოდ ორპარტიული კანონპროექტები დამტკიცდება, რაც მათ ყველაზე ნაკლებად აწყობთ" - ამბობს პალატის წამყვანი ცენტრისტი რესპუბლიკელი, კონგრესმენი დონ ბეიკონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG