ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მერყევ პენსილვანიის შტატში მიემგზავრება, რათა გამოაქვეყნოს ფედერალური ბიუჯეტის გეგმა, რომელიც დატვირთულია ხარჯვით ნაწილში შეთავაზებებით და მდიდრებისთვის გაზრდილი გადასახადებით, რაც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე მისი მოსალოდნელი განაცხადის გეგმას ჩამოაყალიბებს.
ბაიდენის შეთავაზებები გასული წლის ბიუჯეტის გეგმიდან ამოღებული ბევრი პუნქტის ხელახლა გაცოცხლებაა. მას შემდეგ, რაც ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს, წელს ეს შეთავაზებები კონგრესში რესპუბლიკელების უფრო მტკიცე წინააღმდეგობის წინაშეა.
ეს გეგმა პირდაპირი გამოწვევაა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, კევინ მაკარტის მუქარის ფონზე, რომ დაბლოკავს ფედერალური სესხის ზედა ზღვრის გაზრდას, თუ ბაიდენი ფედერალურ ხარჯებს არ მოთოკავს.
ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატი პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს გეგმებს, 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული დეფიციტი თითქმის 3 ტრილიონი დოლარით შეამციროს. მას ამის გაკეთება სურს გადასახადების გაზრდით მათთვის, ვინც წელიწადში 400 ათასზე მეტ დოლარს გამოიმუშავებს და კორპორატიული საგადასახადო შეღავათების გაუქმებით, რომელიც 2017 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო მიღებული.
ბაიდენი პირობას დადებს, რომ გადასახადები არ გაეზრდება მათ, ვისაც წელიწადში 400 ათას დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს და სოციალური დაზღვევის, ასევე ჯანდაცვის პროგრამების, „მედიქეარის“ და „მედიქეიდის“ უსაფრთხოებას დაიცავს.