ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატაში 1.75 ტრილიონიან კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო


წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერის, კევინ მაკარტის სიტყვით გამოსვლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივის - 1.75 ტრილიონი დოლარის მოცულობის კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო.

თავდაპირველად კენჭისყრა ხუთშაბათ საღამოსთვის იყო ჩანიშნული, მას შემდეგ, რაც კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა - არაპარტიულმა არბიტრმა - კანონპროექტის ღირებულების შეფასება გამოაქვეყნა. მანამდე, რამდენიმე დემოკრატმა თქვა, რომ ხმის მიცემამდე ეს შეფასება სჭირდებოდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მაკარტის გამოსვლა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, კენჭისყრა გადაიდო.

წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატი კონგრესმენები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ბაიდენის 1.75 ტრილიონი დოლარის მოცულობის შიდა ინვესტიციების კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დასკვნით, მას დეფიციტის გაზრდა შეუძლია.

საბიუჯეტო ოფისის წინა განცხადებით, ამ კანონპროექტის შედეგად 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა 367 მილიარდი დოლარით გაიზარდოს. თუმცა ოფისი აღიარებს, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ გადასახადების მოკრების გაუმჯობესების გზით, დამატებითი შემოსავლის მიღება შესაძლებელია.

საბიუჯეტო ოფისის გათვლებით, გადასახადების ამოღების ახალ მეთოდებს 2031 წლამდე შემოსავლის 127 მილიარდი დოლარით გაზრდა შეეძლება. თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ ცვლილებები დამატებით 400 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს და ათწლეულის განმავლობაში, დეფიციტს 121 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

რამდენიმე დემოკრატმა, რომელსაც კენჭისყრამდე საბიუჯეტო ოფისის შეფასებების ნახვა სურდა, თქვა, რომ თეთრი სახლის გათვლები მათთვის მისაღებია.

XS
SM
MD
LG