ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა ისევ დახურვის საშიშროების წინაშე დგას


შეერთებული შტატების კანონმდებლებმა საბიუჯეტო საკითხებზე ოთხშაბათს შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. სამთავრობო უწყებებისთვის საბიუჯეტო თანხების ამოწურვამდე კი სულ 2 დღეა დარჩენილი.

თუ კონგრესი პარასკევს, დღის ბოლომდე მთავრობის დაფინანსების ახალ ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, ფედერალური უწყებების დიდ ნაწილს მუშაობის შეწყვეტა მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ ასობით ათასი თანამშრომელი უხელფასოდ დარჩება. მათ შორის აღმოჩნდებიან ადმინისტრაციის მუშაკები, ეროვნული პარკების, მუზეუმების და ათეულობით სხვა უწყების თანამშრომელი.

2018-2019 წელს მომხდარი მთავრობის დახურვა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურებსაც კი შეეხო. ეს ამერიკის ისტორიაში ფედერალური მთავრობის მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი შეყოვნება იყო, რომელიც დაახლოებით 5 კვირა გაგრძელდა.

პარტიებს შორის არსებული მკვეთრი დაპირისპირებების მიუხედავად, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები ცდილობენ თავიდან აირიდონ მსგავსი განვითარება და ქაოსი, რომელიც სადღესასწაულო სეზონის დასაწყისს ემთხვევა. რესპუბლიკელების ნაწილი ბიუჯეტის ამ სახით დამტკიცებას არ ემხრობა, რადგან მათი აზრით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმა კოვიდ-19-ის ვაქცინებს სავალდებულოს გახდის. დემოკრატების არგუმენტაციას კი ზამთრის პირზე კორონავირუსით ინფიცირების ზრდა და ამერიკაში ომიკრონის ვარიანტის პირველი შემთხვევის აღრიცხვა ამყარებს.

ბოლო წლების მანძილზე, კონგრესში საბიუჯეტო შეთანხმება ხშირად ბოლო მომენტში ხდება. თუმცა, ეკონომისტები კანონმდებლებს მოუწოდებენ, არ გადააცილონ ვადებს, რადგან მთავრობის თუნდაც ერთი კვირით დახურვა, ამერიკის ეკონომიკას დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG