ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსი: ავღანეთიდან გამოსვლა შეცდომა იყო


ერთი წლის წინ, ამერიკისა და ნატოს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. ამერიკამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 20-წლიანი ომი დაასრულა.

როგორი იყო გასული ერთი წელი, გაუარესდა თუ არა ტერორიზმის საფრთხე, რომმლიც აქამდე ავღანეთიდან მოდიოდა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქვეყანა. ამ თემებზე სეტ ჯონსმა, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა, "ამერიკის ხმას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

-ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ნატოს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. როგორ შეაფასებდით გასულ წელს? რას ფიქრობთ ავღანეთიდან გამოსვლაზე, იყო ეს სწორი, საჭირო გადაწყვეტილება, თუ მაინც შეცდომა გგონიათ?

-ვფიქრობ, რომ რამდენიმე მიზეზის გამო ეს შეცდომა იყო. ტერორიზმის მაჩვენებლები [ავღანეთში] შემაშფოთებელია. ალ-ყაიდას ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი, რომელიც ამერიკული დრონიდან მოკლეს, როგორც აღმოჩნდა, იმ სამალავში იყო, რომელიც თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებულ პირს ეკუთვნოდა. ეს ხაზს უსვამს იმას, რასაც გაეროს უსაფრთხოების საბჭო და სხვადასხვა სახელმწიფოები წლებია ამბობენ- თალიბანსა და ალ-ყაიდას შორის მჭიდრო კავშირებია.

ავღანეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მთავრობაც, თალიბანი, მჭიდრო კავშირშია ალ-ყაიდასთან. ეს არ ხდება არც სირიაში, არც იემენში, საერთოდ არსად სხვაგან.  

გარდა ამისა, ავღანეთში სხვადასხვა აქტიური სამხედრო დაჯგუფებაა, მაგალითად, „პაკისტანის თალიბანი“ „აისის ხორასანი“. ასე რომ [ავღანეთი] მართლაც ხდება ტერორისტული ორგანიზაციების თავშესაფარი.

ვნახეთ, რომ თალიბანის მთავრობის, როგორც ეფექტური მმართველობის, სრული კოლაფსი მოხდა, თუმცა მას არც იქამდე უარსებია. ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტობრივად, განადგურებულია, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ არ არსებობს ტექნოკრატიული გამოცდილება. ურთულესი მდგომარეობაა ჰუმანიტარული სიტუაციის მიმართულებითაც. დამოკიდებულება ქალებისა და გოგონების მიმართ, საერთოდ კატაკლიზმურია. ახლანდელი მონაცემებით, მაღალ კლასებსა და უნივერსიტეტებში, ქალები ვერ სწავლობენ. დაბალ კლასებში კი ვერაფერს ღირებულს ვერ იღებენ. მკვეთრადაა გაუარესებული ჯანმრთელობის მაჩვენებლები

ასე რომ ვფიქრობ, რეტროსპექტივაში, ეს შეცდომა იყო, რომელიც სულ უფრო და უფრო უარესდება. ამიტომაც, არ გამიკვირდება, თუ დასავლურ ქვეყნებს, მათ შორის ამერიკასაც, მოუწევთ, რომ ჩაერიონ და გაუმკლავდნენ უსაფრთხოების გაუარესებულ მდგომარეობას. არ მგონია, რომ [მიმდინარე მოვლენების] რაიმე სახით დადებითად შემობრუნება შეიძლება.

-არსებობდა გარკვეული შიშები, რომ მას შემდეგ, რაც დასავლური ჯარები დატოვებდნენ ავღანეთის ტერიტორიას, ის უსაფრთხო თავშესაფარი გახდებოდა ტერორისტებისთვის. ალ-ზავაჰირის განეიტრალებამ კიდევ უფრო მეტი დებატები გამოიწვია. ზოგი ამბობს, რომ სწორედ ესაა იმის მტკიცებულება, რომ ავღანეთი ვერ გახდება თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რომ მიუხედაად ყველაფრისა, მათ იპოვიან და პასუხს აგებინებენ. თუმცა, მეორეს მხრივ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, არსებობენ ადამიანები, ვინც თვლიან, რომ თავად ამ პიროვნების ავღანეთში ყოფნა ამტკიცებს ქვეყნის ტერორისტების თავშესაფრად ქცევას. თქვენი აზრით, რომელი უფრო სწორი არგუმენტია?

-ვფიქრობ, რომ მტკიცებულებები ძალიან პირდაპირია. არსებობს სხვადასხვა ანგარიშები, რომლიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ და ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადეს, სადაც ნათქვამია, რომ მართალია, ალ-ყაიდას ახლა არ აქვს იმის შესაძლებლობები, რომ საგარეო ოპერაციები განახორციელოს და ამერიკას თავს დაესხას, თუმცა, იზრდება შეშფოთება იმის გამო, თუ რამდენი ახალი სამხედრო დაჯგუფებაა ავღანეთში. იზრდება შეშფოთება იმის გამოც, რომ რამდენიმე მათგანს, მათ შორის ალ-ყაიდასაც, ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს თალიბანის მთავრობასთან.

თალიბანის მთავრობის, როგორც ეფექტური მმართველობის, სრული კოლაფსი მოხდა

ვფიქრობ, ავღანეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მთავრობაც, თალიბანი, მჭიდრო კავშირშია ალ-ყაიდასთან. ეს არ ხდება არც სირიაში, არც იემენში, საერთოდ არსად სხვაგან.

სხვაგან არსად ჰყავს ალ-ყაიდას მოკავშირე მთავრობა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ, [სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფების წევრ] ათიათასზე მეტ ადამიანზე და ასევე მთავრობაზე, რომელიც ეფექტური არაა. ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ამის მოგვარება შესაძლებელია?

რეალობა ისაა, რომ ამერიკამ თავისი რესურსები, თითქმის სრულად გამოიტანა ავღანეთიდან. მას [ამერიკას] ახლა ცოტაოდენი ადამიანური დაზვერვის რესურსი დარჩა. აღარ აქვს ბაზები რეგიონში. [საჭიროების შემთხვევაში] MQ9 ტიპის დრონების გამოყენება მოუწევს სპარსეთის ყურედან, ეს კი საკმაოდ გრძელი გზაა და მისიას უფრო ართულებს. ადგილზე არ არსებობს პარტნიორი ძალა, ვინაიდან მათმა უმეტესობამ ტერიტორია დატოვა. ასევე, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინფრასტრუქტურა თითქმის, მთლიანად გაქრა.

ერთია, როდესაც ძალიან ლიმიტირებულ შეტევას ახორციელებ მაღალი წონის მქონე სამიზნეზე, როგორიც ალ-ზავაჰირია და აბსოლუტურად განსხვავებული რამაა, როდესაც ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მდგრადი კამპანიის გატარება ხდება პარტნიორი ძალების გარეშე, ბაზებისა და დაზვერვის გარეშე, ან ძალიან მცირე სადაზვერვო ინფრასტრუქტურით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მგონია, რომ ამ ამბის პოზიტიურად შემოტრიალება შეიძლება, ამერიკას ახლა ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.

-თქვენ ისაუბრეთ ქალების უფლებების, ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. როგორ ფიქრობთ, რა არის ახლა ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშეც ავღანეთი დგას და რომელზეც ამერიკა განსაკუთრებულად უნდა ამახვილებდეს ყურადღებას?

ვფიქრობ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. ერთ-ერთია ეკონომიკა. პრობლემაა, რომ თალიბანს მართლაც არ ჰყავს ეკონომიკური ექსპერტები მაღალ ეშელონებში. მათ ისინი არც 1990-იან წლებში ჰყოლიათ და არც ახლა ჰყავთ. ამის გარეშე კი ეფექტური მმართველობა და ეკონომიკის მართვა ძალიან რთულია.

არ მგონია, რომ ამ ამბის პოზიტიურად შემოტრიალება შეიძლება, ამერიკას ახლა ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.  

ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემაა ისიც, რომ დასავლეთში არსებული ყველა აქტივი კვლავ გაყინულია და არ მგონია, რომ მათი დაბრუნება მოხდეს. ასე რომ თალიბანი ცდილობს, რომ ფართო ეკონომიკური სურათი გააუმჯობესოს, რაც კატასროფულად მძიმედ აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე.

გამოწვევა, რომელიც თალიბანის მთავრობის წინაშეა ისაა, რომ ის მზადაა თავშესაფარი მისცეს ზოგიერთ დაჯგუფებას, რომლებსაც მეორეული, ან მესამეული გავლენა აქვთ როგორც უსაფრთხოების, ისე ლეგიტიმურობის საკითხზე. ამიტომაცაა, რომ ჯერ არცერთ ქვეყანას თალიბანი არ უღიარებია.

პრობლემაა ჰუმანიტარული მიმართულებითაც, რაც ეკონომიკური რესურების სიმწირითა და უსაფრთხოების გაუარესებული ვითარებითაა გამოწვეული. ეს, ალბათ ის სფეროა, სადაც თუ თალიბანი გონივრულად მოიქცევა, შეიძლება მიიღოს ჰუმანიტარული დახმარება. ვფიქრობ, რომ რიგი ქვეყნები, მათ შორის აშშ, დახმარებას გაუწევენ ავღანეთის მოსახლეობას, რომელიც ამჟამად უზომოდ იტანჯებიან, მათ შორის შიმშილის ზღვარზე არიან.

XS
SM
MD
LG