მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალებს ავღანეთში განათლების მიღება აეკრძალათ, ირანში კი ქალთა საპროტესტო ტალღამ უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, იქ ქალთა უფლებადამცველები უზენაესი სასამართლოს მიერ აბორტის უფლების კონსტიტუციური გარანტიის გაუქმებაზე საუბრობენ.
სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს ქალაქებში არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, მათ შორის - პარიზში, ბეირუთში, ბაღდადში, ყარაჩიში, თუ სტამბოლში.
მანილაში აქტივისტებმა თანაბარი უფლებები და შრომის უკეთესი ანაზღაურება მოითხოვეს და საპროტესტო აქციას პოლიციასთან შეტაკებების გრეშე არ ჩაუვლია.
"გოგონებს ფუნდამენტური უფლებები სურთ", - ეწერათ დემონსტრანტებს საპროტესტო პლაკატებზე. სხვები ქალებისთვის უსაფრთხო და თანაბარ გარემოს ითხოვდნენ. დემონსტრანტთა უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ირანელი და ავღანელი ქალების მიმართ სოლიდარობასაც გამოხატავდა.
"ავღანეთი თალიბანის მმართველობის ქვეშ, დღეს მსოფლიოში ქალების უფლებებს ყველაზე მეტად ზღუდავს. დამთრგუნველია იმის ხილვა, როგორ მეთოდურად, გამიზნულად და სისტემურად იყენებენ ისინი ძალისხმევას იმისთვის, რომ ავღანელი ქალები და გოგონები საზოგადოებრივი, საჯარო სფეროდან განდევნონ", - ამბობს როზა ოთანბაიევა, ავღანეთის გაეროს მხარდაჭერის მისიის ხელმძღვანელი.
რუსეთში კი, სადაც 8 მარტი, როგორც წესი, მასშტაბურად აღინიშნება, პარლამენტის ზედა პალატის ლიდერმა ეს დღე სექსუალურ უმცირესობებზე თავდასასხმელად გამოიყენა და თქვა, რომ ლიბერალურ ღირებულებებს დასავლეთი ქვეყნებს თავს ახვევს. "კაცები და ქალები საზოგადოების ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში არ არის სახიფათო გენდერული თამაშები და არც არასდროს იქნება. დავუტოვოთ ეს დასავლეთს, რომ მან თავად ჩაატაროს ეს საშიში ექსპერიმენტი", წერს ვალენტინა მატვიენკო ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზე.