თალიბანი ქალთა უფლებების შეზღუდვას აგრძელებს და ქალებს საჯარო სივრცეში სახის დაფარვისკენ მოუწოდებს. რელიგიური საფუძვლით, სახე უნდა დაიფარონ ტელეწამყვანებმაც და პირდაპირი ეთერი ისე წაიყვანონ.
სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს, თალიბანის ცოდნისა და სათნოების სამინისტროს სპიკერი აკიფ მაჰარაჯი ამბობს, რომ ეს „რჩევაა“ ქალებისთვის და მათ შეუძლიათ სახის დასაფარად არა ბურქა, არამედ სამედიცინო ნიღაბიც გამოიყენონ, ისე, როგორც პანდემიის პირობებში, ამბობს მაჰარაჯა, თუმცა არ აკონკრეტებს რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს იმ შემთხვეას, თუ „რჩევას“ ავღანელი ქალები არ გაითვალისწინებენ.
„გუშინ შევხვდით მედიის წარმომადგენლებს... მათ მიიღეს ჩვენი რჩევა და მათ ეს ძალიან ესიამოვნათ,“- ამბობს მაჰარაჯი. აქამდე თალიბანი ტელეწამყვან ქალებს მხოლოდ ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებდათ, რაც სახეს არ ფარავს.
ერთგვარ „რჩევას“ როგორც ამას მაჰარაჯი უწოდებს, ქალი წამყვანების ნაწილი შეზღუდვად აფასებს. ადგილობრივი ჟურნალისტი სონია ნიაზი ამბობს, რომ მათ რელიგია სახის დაფარვას არ სთხოვს.
„ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რადგან ისლამი ამის გაკეთებას არ გვკარნახობს, ისლამის მცოდნე ადამიანები და პოლიტიკური ფიგურები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან,“- ამბობს ნიაზი.
მისი თქმით თალიბანის ახალი შეზღუდვა მათ მუშაობაში ხელს უშლის, რადგან გადაცემის წაყვანის დროს ისინი თავს ბუნებრივად არ გრძნობენ.
„გადაცემის წაყვანის დროს შენ უნდა იყო მშვიდად, ადამიანებს ეს სიმშვიდე უნდა გადასცე, როცა სახე დავიფარე და საუბარი დავიწყე პირდაპირ ეთერში არც მშვიდად ვიყავი და არც თავდაჯერებული,“- ამბობს ტელეწამყვანი და ამატებს, რომ თალიბანის გადაწყვეტილებები ავღანეთში იმ დროს აბრუნებს, როცა ქალებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ. ასეთი ვითარება კი ავღანეთში 1996 – 2001 წლებში იყო.
ტელევიზიებს ავღანეთში თალიბანმა უკვე აუკრძალა ტელესერიალებისა და დრამების ჩვენება, ასევე იმ ეპიზოდების ეთერში გაშვება, სადაც ქალები მონაწილეობენ.
თალიბანი ამბობს, რომ შეიცვალა და ძველი წესების შემოღებას არ აპირებს, თუმცა, თუ ბოლო დროს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თვალს გადავავლებთ, ასე არ არის.
თალიბანის ავღანეთში მედიაზე ზეწოლა მზარდია. „მათი სურვილია გამოვაქვეყნოთ მხოლოდ ის, რაც მათ უნდათ. თვითცენზურა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,“- ამბობს რედაქტორი ადგილობრივი მედიიდან „ამერიკის ხმასთან“ ანონიმურად საუბრის დროს.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ახალ ანგარიშში ამბობს, რომ თალიბანის მმართველობის დაბრუნებამ ავღანეთში სხვადასხვა მიმართულებით იქონია უარყოფითი გავლენა. მათ შორის, პრესის თავისუფლებაზე, ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და ზოგადად, ადამიანის უფლებებზე.
სწორედ ამიტომ, წელს ორგანიზაციის ანგარიშში ავღანეთის ქულა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთში ძალა მოიკრიბა, ქვეყანაში არსებული მედია საშუალებების 40 პროცენტი დაიხურა, 6400-მდე ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა, ბევრმა კი ქვეყანა დატოვა და დევნილობაში იმყოფება.
ქალებს ავღანეთში უკვე შეეზღუდათ ქუჩაში მარტო გადაადგილების უფლება. თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ 72 კილომეტრის რადიუსში, უფრო შორს წასვლის შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები არიან, ნათესავ მამაკაცთან ერთად გადაადგილდნენ. 20 წლის წინ, ქალებს სახლიდან გასვლა მხოლოდ მამაკაცის თანხლებით შეეძლოთ.
ქალებს პარკებში შესვლა მხოლოდ კვირის გარკვეულ დღეებში შეუძლიათ, შეეზღუდათ სწავლაც, მანქანით მგზავრობაც და მუშაობაც.
თალიბანი კრძალავს ავტომობილებში მუსიკის მოსმენას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა მოუშვან წვერი და მოუსმინონ ლოცვებს.
უფრო მკაცრი წესები ავღანეთში 1996 -2001 წლებში მოქმედებდა. მაშინ, როცა ქალებს ავღანეთში ლურჯი ბურკებით სიარულის ვალდებულება ჰქონდათ, მათ სახის გამოჩენა საკუთარი სახლის ფანჯარაშიც კი არ შეეძლოთ, ამიტომ, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაფარული იყო სხვადასხვა მასალით. ქალებს წლების წინ ავღანეთში კაც ექიმთან მისვლის საშუალებაც არ ჰქონდათ, ქალი ექიმები კი ქვეყანაში არ იყვნენ, რის გამოც ქალთა დიდი ნაწილი არასათანადო მკურნალობის გამო იღუპებოდა.