შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ავღანეთში თალიბების მთავრობის მიერ 20 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებას გმობს. თალიბების გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა საუნივერსიტეტო განათლება აიკრძალა.
გაეროში შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, თალიბანის გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგმეს, სადაც ავღანეთის საკითხი განიხილებოდა.
"თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო თაბამეგობრობის ლეგიტიმური წევრი იქნება, ვიდრე პატივს არ სცემს ყველა ავღანელის უფლებებს. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებს და ქალთა და გოგონათა ძირითად თავისუფლებებს" - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ რობერტ ვუდმა.
"ეს არის თალიბების მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც აშორებს ქვეყანას თვითკმარი და აყვავებული ავღანეთისგან" - განაცხადა საბჭოს სხდომაზე ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდუორდმა.
კიდევ ერთი "დარღვეული დაპირება" და "შემაშფოთებელი ნაბიჯი" - ასე შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა, თალიბანის გადაწყვეტილება.
„ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს, გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას, რაც მას აქვს, ქალების აქტიური მონაწილეობისა და განათლების გარეშე“, - თქვა ანტონიო გუტერეშმა.
თალიბანის გადაწყვეტილება დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამას მნიშვნელოვანი შედეგები მიჰყვება.
"თალიბანი უნდა ელოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ არაერთხელ და საჯაროდ აიღეს საკუთარი ხალხის წინაშე, მათთვის კონკრეტულ ფასს მოიტანს“, - განაცხადა სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
2021 წლის აგვისტოში, ავღანეთის კონტროლის დაკავების შემდეგ, თალიბებმა ფართოდ განახორციელეს შარიათის კანონის მკაცრი ინტერპრეტაცია. მათ აუკრძალეს გოგონებს მეექვსე კლასის შემდეგ სკოლაში სიარული, ქალებს უმეტესი სამუშაო ადგილის დაკავება და მათ საჯარო ადგილებში ყოფნისას, ფეხებამდე დაფარვა უბრძანეს. ქალებს ასევე ეკრძალებათ პარკებსა და სპორტდარბაზებში შესვლა.