ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა მიმართ ძალადობის დღე - საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების განცხადება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები და საელჩოები აცხადებენ, რომ სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. განცხადება გამოხმაურებაა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს აღინიშნება.

"ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც. ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია", - წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

"ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან", - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების მოწოდებაა ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად - "უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება".

"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ", - წერია განცხადებაში.

დღეს, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის და ხორვატიის საელჩოების სახელით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG