ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კომიტეტი: აბორტის შეზღუდვა უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს უფრო მეტად აზარალებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმების შესახებ, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლებზე განსაკუთრებით მძიმედ აისახება.

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციასა და შტატების მთავრობას, გაამყარონ ეს უფლებები.

კომიტეტი, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც გაეროში ადამიანის უფლებათა კუთხით მუშაობს, ამბობს, რომ შემაშფოთებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები შავკანიანი, ლათინოამერიკული წარმოშობის, მკვიდრი ამერიკელი ქალებისა თუ უცხო ქვეყნებში დაბადებული მიგრანტი ქალებისა და დედების ჯანმრთელობის მდგომარეობა - განსაკუთრებით კი ორსულთა გარდაცვალების შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

ეს მოწოდებები კომიტეტმა წევრი სახელმწიფოების რეგულარული შეფასების ფარგლებში გააკეთა. ამერიკა იმ 7 ქვეყანას შორისაა, რომლებიც ამ ზაფხულს შეაფასეს. ამერიკის ოფიციალური პირების დიდი დელეგაცია ამ თვის დასაწყისში ჟენევაშიც ჩავიდა.

"კომიტეტი ძალიან იყო შეშფოთებული იმ უთანასწორო გავლენით, რაც [ამ გადაწყვეტილებას] აქვს რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიან ოჯახებში", - ამბობს კომიტეტის წევრი პენსი ტლაკულა. "კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ მიიღოს მეტი ზომები, რათა შეამციროს ეთნიკური უთანასწორობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით".

კომიტეტი ამბობს, რომ გაეროში ამერიკელ უფლებადამცველთა არაერთი საჩივარია შესული, რომელიც ამ საკითხებს ეხება. ტლაკულა, რომელიც თავად სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელია, კომიტეტის სხვა 18 საერთაშორისო წარმომადგენელთან ერთად, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წარმოუდგენია კონკრეტული ვადები, რა პირობებშიც ამა თუ იმ ღონისძიების გატარება იგეგმება. თუმცა კომიტეტმა ამერიკულ მხარეს 1 წლის შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ანგარიშის წარდგენა სთხოვა იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება მიღებული რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელ ქალთათვის აბორტების შეზღუდვით გამოწვული ზიანის შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG