„არ შემიძლია დავარწმუნო კომიტეტი ან ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, რომ ამჟამად ჩვენ არ ვაფინანსებთ თალიბანს,“- ეს განცხადება წარმომადგენელთა პალატაში ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალურმა ინსპექტორმა ჯო სოპკომ გააკეთა. ის თვლის, რომ თანხა, რომელიც ვაშინგტონმა ღარიბი ავღანელი ხალხის დასახმარებლად გამოყო შესაძლოა კონტროლდებოდეს თალიბანის მიერ და მათი გავლით ხდებოდეს დახმარების ადრესატებამდე მიტანა.
„არც იმაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თალიბანი არ ანაწილებს ფულს, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ღარიბ ავღანელ ხალხს,“- ამბობს ის.
სოპკომ მიმდინარე პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის პროცესს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იკვლევს.
ჯო სოპკო 2012 წლის შემდეგ უწევს მონიტორინგს ავღანეთში ამერიკულ დახმარებას და ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ავღანეთი ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს, თითქმის შეუძლებელი გახდა თანხების მონიტორინგი. აქვე ინსპექტორი ამბობს, რომ მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ აწვდიან საჭირო დოკუმენტაციას. სწორედ ამიტომ სოპკომ კანონმდებლებს დახმარების თხოვნით მიმართა.
სოპკო ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „დაბნეულად“ და ნელა მოქმედებს. მის ამ განცხადებას რესპუბლიკელი კანონმდებლებიც იზიარებენ. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი სწავლობს, პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქაოსური“ გამოსვლა ავღანეთიდან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.
სოპკოს განცხადებებს მალევე გამოეხმაურა თეთრი სახლი, მათ ეს განცხადებები სიცრუედ შეაფასეს.
სრულად მასალა ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.
Facebook Forum