ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფოქსი" კომპანია "დომინიონს" 787.5 მილიონ დოლარს გადაუხდის


"ფოქს-ნიუსის" ნიშანი კომპანიის ნიუ-იორკის კორპორატიულ შენობასთან
"ფოქს-ნიუსის" ნიშანი კომპანიის ნიუ-იორკის კორპორატიულ შენობასთან

სამშაბათს, 18 აპრილს, დელავერის შტატის სასამართლომ ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" წინააღმდეგ საქმის განხილვა შეწყვიტა. მხარეებს შორის მომხდარი გარიგების საფუძველზე, "ფოქსი" $787.5 მილიონს გადაუხდის მომჩივან მხარეს, კომპანია "დომინიონს".

"დომინიონი" თავიდან $1.6 მილიარდს ითხოვდა, მაგრამ ბოლოს მხარეები $787.5 მილიონზე მორიგდნენ. ეს ამერიკის ისტორიაში რეკორდულად მაღალი თანხაა, რომელიც მედიასაშუალებამ მსგავსი ბრალდების საფუძველზე, კერძო კომპანიას გადაუხადა. თუმცა, ამერიკისა და მსოფლიოს ამ ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიას წინ მეორე, ანალოგიური საქმე აქვს, რომელშიც მომჩივანი კომპანია "სმარტმატიკი" მიყენებული ზარალისთვის $2.7 მილიარდს ითხოვს.

"დომინიონმა" "ფოქს-ნიუსს" და მის მშობელ კორპორაცია "ფოქსს" კომპანიის საქმიანობისთვის მიყენებული რეპუტაციული ზარალისთვის უჩივლა. ეს საქმე 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. არჩევნების გაშუქების დროს, "ფოქსის" ზოგიერთი კონსერვატორი მიმომხილველი ეთერიდან აცხადებდა, რომ "დომინიონის" მიერ წარმოებული ხმის დამთვლელი მანქანები შედეგების გასაყალბებლად გამოიყენეს. განცხადებების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რესპუბლიკელი, მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და დემოკრატი კანდიდატის - ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბდა.

"ფოქსი" ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის წარმომადგენლებმა მომჩივან მხარესთან გარიგების მიღწევის შემდეგ, განცხადება სამშაბათსვე გააკეთეს და თქვა, რომ მოსამართლემ "დომინიონის" ზოგიერთ ბრალდებაშიც იპოვა სიყალბე. "ფოქსის" ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ მიღწეული შეთანხმება "ამ პრობლემების დაძლევის გზაზე" ქვეყანას დაეხმარება.

ლეგალური ექსპერტების აზრით, "ფოქსის" ადვოკატებს წინ კომპანიისთვის პოტენციურად კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელი საქმე აქვთ, რომელიც ასევე 2020 წლის არჩევნების გაშუქებას უკავშირდება. ამჯერად მათ მუშაობა მოუწევთ ხმის დამთვლელი კომპანია "სმარტმატიკის" ინტერესების დამცველთა წინააღმდეგ. კომპანიის სრული სახელია Smartmatic USA. ის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ გაცილებით დიდ თანხას - $2.7 მილიარდს ითხოვს.

"სმარტმატიკი" არჩევნებთან დაკავშირებით, კომპანიის გარდა კიდევ 5 ინდივიდუალურ პირსაც უჩივის, რომელთა შორის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატები და "ფოქსის" წამყვანებიც არიან. საქმეს ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლო განიხილავს.

"ფოქსი" ამ კომპანიის ბრალდებებსაც მტკიცედ უარყოფს. კომპანია ამბობს, რომ მათი ბრალდებები "აღმაშფოთებელია, დაუსაბუთებელი და გონივრულ ფინანსურ ანალიზს არ ეფუძნება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG