ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი წელს 56 000 მიგრანტს ელოდება


ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ წელს მცირე ზომის ნავებით ქვეყანაში შესვლას 56 000 მიგრანტი ეცდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ საცხოვრებელი თუ თავშესაფარი დაახლოებით 140 000 მსურველს უნდა მისცენ.

ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა ნავით ჩასული მიგრანტების ნაკადის შეჩერება თავისი ხუთი პრიორიტეტიდან ერთ-ერთად უკვე დაასახელა. ქვეყანაში სიტუაცია ამ მიმართულებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროს 2022 წელს რეკორდულად ბევრმა მიგრანტმა - დაახლოებით 45 000-მა ადამიანმა მიაღწია. ეს გასული ორი წლის მონაცემთან შედარებით, 500%-იანი ზრდა იყო. ამ წელს კი ბრიტანეთში ნავებით თავშესაფრის მაძიებელი 5 000 მიგრანტი ჩავიდა.

ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ მარტის მონაცემებით, მათ საცხოვრებელი გამოყოფილი აქვთ იმ 109 000 მიგრანტისთვის, რომელიც თავშესაფარს ითხოვს. ისინი 48 000 სასტუმროში არიან განთავსებული და მათი უზრუნველყოფა სახელმწიფოს დღეში 6,2 მილიონი ფუნტი უჯდება.

იმიგრაციის საკითხის გამო უკმაყოფილება მნიშვნელოვანი საკითხია ბრიტანეთის პოლიტიკაში. სუნაკის კონსერვატიულმა პარტიამ ახალი კანონის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერს, ვინც ქვეყანაში ნავით შევა და თავშესაფარს მოითხოვს, ან უკან, საკუთარ ქვეყანაში გაუშვებენ, ან ისეთ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი უსაფრთხოდ იქნებიან.

გასულ წელს, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ათასობით მიგრანტს რუანდაში გააგზავნიდა, თუმცა ამ დრომდე არავის დეპორტაცია არ მომხდარა. პარალელურად კი, ბრიტანეთის სასამართლო განიხილავს იმას, თუ რამდენად კანონიერია სუნაკის პარტიის მიერ წარდგენილი ახალი რეგულაციები.

XS
SM
MD
LG