ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა


მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა და მას სასამართლომდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი, ე.წ. "სუკის" ყოფილ ციხეში სულ მცირე 29 მაისამდე დარჩება. ჟურნალისტს ჯაშუშობაში ედება ბრალი.

ამერიკის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი, ურალის რეგიონის ქალაქ ეკატერინბურგში, ჯაშუშობის ბრალდებით თვის დასაწყისში დააკავეს. “უოლ სტრიტ ჯორნალი”, ევანის კოლეგები და დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი გამოგონილია. დაპატიმრებიდან მალევე, მოსკოვის სასამართლომ, გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე, არ დაუშვეს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები და პროკურორებმა, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გაუზიარეს.

გერშკოვიჩი წაყენებულ ბრალს უარყოფს. მისი დაცვის გუნდი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი დაკავებიდან მის გათავისუფლებას ან ამ ზომის შინა პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. რუსული "რია ნოვოსტის" ცნობით, ადვოკატმა ტატიანა ნოჟკინამ თქვა, რომ სასამართლომ ორივე შეთავაზება უარყო.

გერშკოვიჩი დღეს სასამართლოს წინაშეც წარდგა. ჟურნალისტების თქმით, ის მშვიდად გამოიყურებოდა. მის სხდომას ამერიკის ელჩი, ლინ ტრეისიც ესწრებოდა. გერშკოვიჩმა სასამართლოს ინგლისურ თარგმანზეც უარი თქვა და განაცხადა, რომ ყველაფერი ესმოდა.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, რომელმაც გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავა, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი "სახელმწიფო საიდულომლო ინფორმაციას აგროვებდა ქვეყნის ერთ-ერთი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის" შესახებ. ხოლო შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჟურნალისტი "არასწორადაა დაკავებული".

XS
SM
MD
LG