ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღალატის მუხლით პუტინის კრიტიკოსს სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე. მოსკოვი, რუსეთი. 17 აპრილი, 2023 წ.
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე. მოსკოვი, რუსეთი. 17 აპრილი, 2023 წ.

ვლადიმირ კარა-მურზას მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ბრალდების ერთ-ერთი მუხლი სახელმწიფოს ღალატი იყო, რომლის გამოც ცნობილ რუს ოპოზიციონერს ორშაბათს, 17 აპრილს 25 წელი მიუსაჯეს. კარა-მურზა თავს უდანაშაულოდ სცნობს.

რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 41 წლის კარა-მურზას 3 შვილი ჰყავს. ის წლებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს, დასავლეთის მთავრობებს კი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

ბრალდებებს შორის იყო სახელმწიფოს ღალატი და რუსეთის არმიის დისკრედიტაცია. სასამართლო მას უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე "ყალბი ინფორმაციის გამიზნულად" გავრცელებას ედავებოდა, რომელსაც კრემლი დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში, კარა-მურზამ რუსეთის მთავრობას "მკვლელების რეჟიმი" უწოდა. მისი თქმით, მოსკოვი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას მომბავს.

განაჩენს, რომლის მიხედვითაც განსასჯელის სკამზე მყოფმა შემდეგი 25 წელი მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში უნდა გაატაროს, ის მშვიდად უსმენდა. შემდეგ კი მან გაიღიმა და თქვა, რომ "რუსეთი თავისუფალი გახდება".

მისი ერთ-ერთი ადვოკატის, მარია ეისმონტის თქმით, განსასჯელმა განაჩენი აღიქვა, როგორც ოპოზიციის ეფექტიანი მუშაობის დადასტურება. "თვითშეფასება ამიმაღლდა, ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი სწორად გამიკეთებია. ეს უმაღლესი ქულაა, რაც შეიძლებოდა მიმეღო იმისთვის, რისიც მწამს როგორც მოქალაქეს და როგორც პატრიოტს" - უთქვამს ადვოკატისთვის კარა-მურზას.

საბოლოო მიმართვაში კარა-მურზამ დახურულ კარს მიღმა გამართული სასამართლო გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში მიმდინარე სასამართლოებს შეადარა. მან უარი თქვა შეწყალების თხოვნაზე და განაცხადა, რომ ამაყობს ყველაფერ იმით, რაც აქამდე უთქვამს. „ხელს ვაწერ ყოველ ნათქვამ სიტყვას... არათუ არაფერს ვინანიებ, ვამაყობ ამით“ - განაცხადა რუსეთისოპოზიციის აქტივისტმა.

ადვოკატების გუნდი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ეისმონტი ამბობს, რომ მასში საკანონმდებლო დარღვევები იყო.

კრემლს კარა-მურზას სასჯელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG