ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაცლავ ჰაველის პრემია პატიმარ რუს ოპოზიციონერს გადაეცა


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

პატიმრობაში მყოფმა რუსული ოოპოზიციის ლიდერმა, ვლადიმირ კარა-მურზამ ვაცლავ ჰაველის სახელობის ჯილდო მიიღო. ადამიანის უფლებების დაცვაში გაწეული „გამორჩეული“ ქმედებებისთვის დაწესებულ პრემიას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცემს.

ასამბლეის პრეზიდენტმა, თინი კოქსმა, ჯილდო კარა-მურზას მეუღლეს, ევგენია კარა-მურზას საგანგებოდ მოწყობილ ცერემონიაზე, 10 ოქტომბერს გადასცა. ცერემონია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო პლენალური სესიის გახსნაზე გაიმართა.

„დღევანდელ რუსეთში, წარმოუდგენელი გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ ძალაუფლებას წინ აღუდგე. დღეს, ბატონი კარა-მურზა ამ გამბედაობას ციხის საკნიდან აჩვენებს“ - განაცხადა კოქსიმ.

41 წლის ოპოციონერი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აპრილში დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, შეერთებული შტატების არიზონის კანონმდებლებთან საუბრის შემდეგ, მას ბრალი რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო წაუყენეს. კარა-მურზა წაყენებულ ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გასულ კვირას, მის წინაღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, სახელმწიფო ღალატის ბრალი დაემატა. ბრალის მიხედვით, კარა-მურზას რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ადანაშაულებენ ნატოს წევრ უწყებებთან მრავალწლიან თანამშრომლობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კარა-მურზას, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ჰიუმან რაითს უოჩი“, ოპოზიციონერის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ „მტკივნეულად ცხადია“, კრემლი კარა-მურზას „პირდაპირ და გარდაუვალ“ საფრთხედ მიიჩნევს.

„უკრაინაში პუტინის სასტიკი შეჭრის დაწყებით, მან ჩვენ ქვეყანაში ომი სიმართლის წინააღმდეგ დაიწყო. ვლადიმირ პუტინის რუსეთში, სიმართლის თქმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება“ - წერს კარა-მურზა სიტყვაში, რომელიც მისმა მეუღლემ, დაჯილდოების ცერემონიაზე წაიკითხა.

XS
SM
MD
LG