ევროკომისიამ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო და მას "რუსეთის ბარბაროსული საჰაერო იერიშები" უწოდა. ევროკომისია ბელარუსს აფრთხილებს, არ დაეხმაროს მის მოკავშირეს მოქალაქეების მკვლელობაში.
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებს "21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს". ერთ-ერთ "ტვიტში" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში იმასაც წერს, რომ კიევი მალე ევროკავშირისგან დამატებით დახმარებას მიიღებს.
რუსეთმა უკრაინის 10-ზე მეტი დასახლება დაბომბა, თავდასხმების ნაწილი დედაქალაქში, დილის პიკის საათისას მოხდა.
რუსეთი ამ იერიშს რამდენიმე დღის წინ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკავშირებს და უკრაინას "ტერორისტული აქტის" მოწყობაში ადანაშაულებს.
"ეს ბარბაროსული და ლაჩრული თავდასხმებია... სამსახურებსა და სკოლებში მიმავალი უდანაშაულო მოქალაქეების მიზანში ამოღება", - თქვა პიტერ სტანომ, ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს პრეს-სპიკერმა ევროკომისიის ყოველდღიურ პრეს-ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერებმა ამ და სხვა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგონ.
ევროკომისია ასევე მოუწოდებს ბელარუსს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ჩართულობისგან "რუსეთის სასტიკ უკანონო" ქმედებებში, რომლებიც გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. უფრო კონკრეტულად კი, ის მოუწოდებს მინსკს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთისთვის უკრაინაზე იერიშების პლატფორმად ბელარუსის ტერიტორიის დათმობა.
"ნებისმიერ შემდეგ ქმედებას და კონკრეტულად კი, ბელარუსის არმიის პირდაპირ ჩართულობას ამ ომში, ბელარუსის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ვუპასუხებთ ახალი და ძლიერი შემზღუდავი ზომებით", - განაცხადა სტანომ.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მან საკუთარ ჯარისკაცებს რუსეთის ძალების გვერდით, უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგება უბრძანა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კიევისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან არსებული საფრთხეების პასუხად მიიღო.