ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარი "დივერსია" სახელმწიფო ტერორიზმად მიაჩნია


იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ გაზსადენზე ინციდენტმა უკრაინაში კონფლიქტის ბუნება საფუძვლიანად შეცვალა, ხუთშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ გერმანიისკენ მიმავალი მილსადენებიდან ზღვაში გაზის გაჟონვა, სახელმწიფოს-სპონსორობით ჩადენილი „ტერორიზმის“ შედეგს წააგავდა.

ევროკავშირი, ბალტიის ზღვის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკად 1 და 2“ მილსადენებიდან გაზის გაჟონვას იძიებს და თქვა, რომ ეჭვი აქვს, რომ დივერსია მოხდა. მილსადენებს „გაზპრომი“ ამუშავებს.

გაურკვეველი რჩება თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მიზანმიმართული თავდასხმის უკან მილსადენებზე, რომლის ასაშენებლად რუსეთმა და ევროპელმა პარტნიორებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „ეს ტერორისტულ აქტად გამოიყურება, შესაძლოა სახელმწიფო დონეზე. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ტერორიზმის ასეთი აქტი რაიმე სახის სახელმწიფო ჩარევის გარეშე შეიძლებოდა მომხდარიყო.“

ამერიკულმა ტელეარხმა „სი ენ ენმა“ სამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა გაჟონვის ადგილის სიახლოვეს რუსული სამხედრო ფლოტის დამხმარე ხომალდები და წყალქვეშა ნავები დაინახეს.

როდესაც პესკოვს „სი ენ ენის“ ცნობის შესახებ კომენტარი სთხოვეს, მან უპასუხა რომ იმ ადგილზე ნატო ბევრად უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი.

რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ დანიის და შვედეთის სანაპიროებთან გაჟონვები მოხდა ტერიტორიაზე, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების „სრული კონტროლის ქვეშაა“.

ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას, პრაღაში უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, ზიანის შედეგებზე იმსჯელებენ. ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა თქვა, „მთელი ევროკავშირის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იქნას.“

ოთხშაბათს, ევროკავშირმა გააჟღერა გაფრთხილება, რომ მეტი თავდასხმების შემთხვევაში „მტკიცე და ერთიანი პასუხი“ გაიცემა. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა ენერგო-ინფრასტრუქტურის დაცვის საჭიროებას, თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმის შესაძლო ჩამდენებზე პირდაპირი მითითებისგან თავი შეიკავეს

XS
SM
MD
LG