საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება. ის იქ ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს.
"სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან",- აღნიშნულია მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში-6-7 ოქტომბერს, ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.
სამიტი ევროპის კონტინენტზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში უსაფრთხოებისა და ენერგო პრობლემების განსახილველად შეიკრიბა.