ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ "უოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტი, რუსეთის მიერ "არასწორად დაკავებულად" გამოაცხადა


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "უოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი "არასწორად დაკავებულად" გამოაცხადა და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ჟურნალისტიკა დანაშაული არაა",- თქვა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ჩვენ ვგმობთ კრემლის განგრძობით რეპრესიებს დამოუკიდებელ ხმებზე რუსეთში და მის მიმდინარე ომს სიმართლის წინააღმდეგ",- თქვა პატელმა.

პატელმა ასევე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი.

აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი, ურალის ქალაქ ეკატერინბურგში, ჯაშუშობის ბრალდებით გასულ კვირაში დააკავეს. “უოლ სტრიტ ჯორნალი”, ევანის კოლეგები და დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მოგონილია.

დაპატიმრებიდან მალევე, მოსკოვის სასამართლომ, გერშკოვიჩს სულ მცირე 29 მაისამდე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე, არ დაუშვეს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები და ამასთან, პროკურორებმა, დაცვის მხარეს, არ გაუზიარეს საქმის მასალები.

„არასწორად დაკავებულის“ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ საქმეზე პასუხისმგებლობა გადაეცემა მძევლების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისს, რაც ამაღლებს გერშკოვიჩის დაკავების პოლიტიკურ პროფილს და საშუალებას მისცემს ბაიდენის ადმინისტრაციას გამოყოს მეტი რესურსი მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG