ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2022-2023 წლებისგან განსხვავებით წელს, „მაიმუნის ყვავილის“ გაცილებით საშიში შტამია გავრცელებული.
ვირუსის ეპიცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 14 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი, გაცილებით მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე გასულ წელს გავრცელებული შტამი.
ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ 2024 წლის დასაწყისიდან აფრიკაში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 17 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 160 პროცენტით აღემატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღონ დაავადების შესაჩერებელი ზომები.
„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“,- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
Facebook Forum