ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი კურსკში "ბუფერულ ზონის" და საევაკუაციო დერეფნების მოწყობას გეგმავს


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ჰუმანიტარული ვითარება და სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესაძლებლობის საკითხი განიხილა. კიევის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ უკრაინა ე.წ. ბუფერულ ზონას შექმნის კურსკის რეგიონში და აპირებს ჰუმანიტარული დახმარებისა და ევაკუაციისთვის, შესაბამისი უსაფრთხო კორიდორები შექმნას იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსეთში შესვლა ან მისი დატოვება ენდომება.

უკრაინის სამხედრო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს დაიწყო და კიევის განცხადებით, ის ათობით დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

"ჩვენი სამხედრო გეგმა მოიცავს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მოქალაქეების ევაკუაციისთვის: როგორც რუსეთის, ისე - უკრაინის მიმართულებით", - თქვა პრემიერ-მინისტრის მაოდგილემ, ირინა ვერედჩუკმა "ტელეგრამზე".

კიევი აპირებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციები დაუშვას, მათ შორის, სავარაუდოდ, "წითელი ჯვრის", "საერთაშორისო კომიტეტისა" და გაეროს წარმომადგენლები.

"ბუფერულ ზონაში მიეწოდებათ საკვები, მედიკამენტები და სხვა ყველაფერი, რაც სამოქალაქო მოსახლეობას სჭირდება", - თქვა უკრაინის ადამიანის უფლებათა საკითხების კომისიონერმა დმიტრო ლუბინეცმა ასევე "ტელეგრამზე".

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული ძალები მკაცრად იცავს საერთაშორისო სტანდარტებს.

კიევმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის ფარგლებში, კურსკის რეგიონში 2 კმ-ით დაწინაურდა, ქალაქი სუჯა კი მოსკოვის ძალებისგან "გაწმენდილია".

"კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნა არის ნაბიჯი, რომელიც გადავდგით მტრის ყოველდღიური თავდასხმებისგან, ჩვენი საზღვრის პირას მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.

სამი თვის წინ, რუსული ჯარების მიერ უკრაინის ხარკივის რეგიონში ახალი ფრონტის გახსნის შესახებ საუბრისას, იმავე ტერმინოლოგიით საუბრობდა ვლადიმირ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რუსული ძალები უკრაინისგან დასაცავად ბუფერულ ზონას აყალიბებდა.

XS
SM
MD
LG