ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: ”ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას კურსკის რეგიონში”


კიევი აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში მისი ძალები კიდევ უფრო წინ წავიდა. ეს რუსეთის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უცხო ქვეყნის ყველაზე დიდი შეჭრაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დილემას უქმნის.

რუსეთის დასავლეთ რეგიონ კურსკში, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი 6 აგვისტოს, გამთენიისას შეიჭრა. ვლადიმირ პუტინმა ამას პროვოკაცია უწოდა, რითიც, მისი თქმით, უკრაინა ცდილობს სამომავლო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის ძლიერი პოზიცია მოიპოვოს.

ვლადიმირ პუტინის განცხადების მიუხედავად, რომ რუსული ჯარები, უკრაინის ძალებს ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნიდა, ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ძალები კურსკის რეგიონში პოზიციების მოპოვებას განაგრძობს და ოთხშაბათს, კიდევ რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს.

”ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას კურსკის რეგიონში”, - წერს ზელენსკი Telegram-ზე. მისი თქმით, კიევის ძალები „სხვადასხვა რაიონში, ერთიდან ორ კილომეტრამდე დისტანციით“ დაწინაურდა და ამავე პერიოდში, 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში, 117 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ძირითადად, კურსკის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონებში. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დრონებთან ერთად, ჩამოაგდეს რაკეტებიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, "სუ-34" ბომბდამშენებით კურსკში უკრაინის პოზიციებზე შეტევის შესახებ.

მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა, კურსკის რეგიონში, უკრაინული თავდასხმების სერია მოიგერია. მათ შორის, "რუსსკოე პორეჩნოეზე", საზღვრიდან 18 კილომეტრში. პრორუსი სამხედრო ბლოგერები, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ფრონტი დასტაბილურდა.

უკრაინელი წყაროს ცნობით, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ანოონიმურობის პირობის დაცვით ისაუბრა, უკრაინის დრონებით თავდასხმა მოიცავდა თავდასხმებს რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე.

რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას აძლიერებს. ელექტროსადგური, მიმდინარე ბრძოლებიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია.

უკრაინის თავდასხმამ რუსეთის ტერიტორიაზე, ორწელიწადნახევრიანი ომის თაობაე საუბრის თემა თუ აქცენტები მკვეთრად შეცვალა. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის კონტრშეტევით, კიევს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონია. მაგრამ უკრაინის უპრეცედენტო შეჭრა ასევე სერიოზულ რისკებს ქმნის რუსეთისთვის, უკრაინისა და დასავლეთისთვის, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთსა და ნატოს სამხედრო ალიანსს შორის, რომელიც კიევს მოსკოვის წინააღმდეგ შეიარაღებაში დაეხმარა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები, მიმდინარე შეჭრის განმავლობაში, უკრაინულ მხარესთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. მისი თქმით, უკრაინის ამ შეჭრამ ვლადიმირ პუტინის „ნამდვილი დილემა შექმნა“.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთში შეჭრის შესახებ, უკრაინას ვაშინგტონისთვის წინასწარ არ უცნობებია და მიმდინარე ოპერაციაში შეერთებულ შტატებს მონაწილეობა არ მიუღია. რუსი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა, შეჭრის შესახებ წინასწარ იცოდნენ.

რუსეთი თავდაცვაში

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინულ ძალებს უკუაგდებდნენ, აჩვენეს უკრაინის პოზიციებზე თავდასხმების კადრები და ფართოდ გააშუქა რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სასაზღვრო ზონიდან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსული ქალაქი სუჯა, რუსული ბუნებრივი გაზის გადამცემი ცენტრი, სრულად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. სწორედ აქედან მიედინება ევროპაში უკრაინის გავლით რუსული გაზი.

ომის რუსეთში გადატანით, უკრაინამ თითქმის 200 000 რუსი აიძულა დაეტოვებინა სასაზღვრო ტერიტორიები. ეს იმ ადგილის მახლობლად, სადაც წითელმა არმიამ, 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური ძალები დაამარცხა - მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატანკო ბრძოლაში.

პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა "მისი დასავლელი ბატონების დახმარებით" აპირებს კიევის მოლაპარაკებების პოზიციის გაუმჯობესებას, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ. მაგრამ, ის ამ მოლაპარაკებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ოთხშაბათს, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურდა და უკრაინის შეჭრის დაწყების შემდეგ, პოზიცია 8,5%-ით დაკარგა.

რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა ცდილობს აჩვენოს თავის დასავლელ მხარდამჭერებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს ძირითადი სამხედრო ოპერაციები, რადგან ზეწოლა იზრდება როგორც კიევზე, ასევე მოსკოვზე, რათა შეთანხმდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტის შეჩერებაზე.

ზელენსკიმ თქვა, რომ შეჭრა მიზნად ისახავს რუსეთის ძალებზე ზეწოლას და „სამართლიანობის აღდგენას“.

შეტევას კიევისთვისაც აქვს რისკები: უკრაინამ შესაძლოა დაუცველად დატოვოს ფრონტის სხვა ნაწილები თავის მიწაზე და ძალები გაგზავნოს რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე საბრძოლველად. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს და ბოლო დროს თანდათან წინ მიიწევს.

რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში უკრაინისგან კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელიან. რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში, გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

”სიტუაცია კვლავ რთულია”, - თქვა იური პოდოლიკამ, უკრაინული წარმოშობის გავლენიანმა პრორუსმა სამხედრო ბლოგერმა კურსკში არსებული ვითარების შესახებ.

მტერს ჯერ კიდევ აქვს ინიციატივა და ამიტომ, თუმცა ნელა, აძლიერებს თავის ყოფნას კურსკის რეგიონში.

XS
SM
MD
LG