ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ 2022 წელს ომის დაწყებიდან საზღვრის მიღმა კიევის უმსხვილესი შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმია უკრაინის ძალებს რუსეთის სუვერენული ტერიტორიიდან გააძევებს.
გასულ სამშაბათს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საზღვარი გაარღვია და კურსკის რეგიონის დასავლეთის ზოგიერთ ნაწილში წინ წაიწია.
მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, უკრაინის ეს მოულოდნელი თავდასხმა, აშშ-ში ნოემბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის ბერკეტების შეძენას უკავშირდება.
თავდასხმა რუსეთისთვის აშკარად სიურპრიზი აღმოჩნდა და კურსკის რეგიონში ფრონტის სტაბილიზება კვირისთვის მოახერხა, თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერების თანახმად, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ჩამოჭრა, სადაც ბრძოლები ორშაბათსაც გრძელდებოდა.
სამხრეთით, მეზობელ ბელგოროდის რეგიონში, გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ „საზღვარზე მტრის მოქმედების გამო“, კრასნაია იარუგას რაიონიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „თავისი დასავლელი პატრონების დახმარებით“ ცდილობდა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების წინ, თავისი პოზიცია გაეუმჯობესებინა და რუსული წინსვლისთვის ძირი გამოეთხარა.
პუტინმა უშიშროების ოფიციალურ პირებს და რეგიონების გუბერნატორებს უთხრა, რომ უკრაინული ძალები შეჭრისას მძიმე დანაკარგებს განიცდიდა.
პუტინმა თქვა, რომ უკრაინა რუსული საზოგადოების დაშინებას და შესაბამისად, სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდა. მან მაღალი რანგის ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ უკრაინა სასაზღვრო რეგიონების შემდგომ დესტაბილიზაციას შეეცდება.
პუტინთან შეხვედრის დროს, კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა თქვა, რომ უკრაინა რეგონში 22 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდა და შეჭრა 40 კილომეტრიანი ფრონტით, 12 კილომეტრი სიღრმით მოხდა.