სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდარ ვულინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან ერთად, სერბეთის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მოსკოვში ამ თემაზე გამართული განხილვისას მათ სერბეთში "გარე ძალების ჩარევაზე იმსჯელეს", - განაცხადა 13 აგვისტოს სერბეთის მთავრობამ.
ვულინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის უშიშროების სააგენტოებს იმისთვის, რომ მათ "გააფრთხილეს სერბეთის ხელმძღვანელობა მასობრივი არეულობისა და გადატრიალების მცდელობის სამზადისზე“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. კრემლთან მჭიდრო კავშირების გამო, შეერთებულ შტატებს ვულინზე სანქციები აქვს დაწესებული.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, გასულ უქმეებზე მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ათობით ათასი სერბი გამოვიდა ქუჩებში და გარემოს დაცვის საკითხებს აპროტესტებდა. დემონსტრანტები მთავრობისგან ლითიუმის მოპოვების აკრძალვას ითხოვდნენ.
დემონსტრაციაზე სამართალდამცავებმა სამი აქტივისტი დააპატიმრეს, დამატებით რამდენიმე კი დაკითხეს. აქციის ორგანიზატორები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთა ადვოკატი მარკო პანტიკი ამბობს, რომ მათ საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ამის შემდეგ, დაკავებულები 13 აგვისტოს გაათავისუფლეს.
Facebook Forum