ერაყის ხელისუფლებამ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა ანკარასა და ქურთისტანის რეგიონულ ხელმძღვანელობას შორის ენერგომატარებლების მიწოდების შესაძლო გარიგების თაობაზე. ბაღდადი მოითხოვს, რომ მხოლოდ მან განახორციელოს ენერგეტიკული პროექტები. ამის შესახებ ამჟამად მსჯელობა და უკმაყოფილება მიმდინარეობს როგორც თურქეთში, ისე ქურთისტანის მუშათა პარტიაშიც.
ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პირველი ნავთობგადაზიდვა თურქეთში მოსალოდნელია, რომ ამ წლის ბოლოსთვის დაიწყება. ბრიუსელში, კარნეგის ცენტრში მიწვეული თურქი ექპერტის, სინან ულგენის განცხადებით, თურქეთსა და ქურთისტანის რეგიონულ პარტიას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება.
სინან ულგენი: ამის სურვილი ადრეც არსებობდა, ახლაც არის და ცოტა ხნის წინაც იყო, რომ ანკარასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას შორის ამბიციური შეთანხმება ყოფილიყო, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების ეფექტურ ტრანსპორტირებას განაპირობებდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში, ანკარა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა ენერგომატარებლების საკითხზე ყოვლისმომცველ გარიგებაზე მუშაობდნენ. ამ გარიგების ნაწილი ასევე ნავთობისა და გაზის შესყიდვაც იყო, მილსადენების მშენებლობის და ექსპლუატაციის ჩათვლით. ანკარას მშვენივრად ესმის, რომ მეზობელი ერაყის ქურთისტანის ავტონომია, რომელიც ნავთობითა და გაზით მდიდარი რეგიონია, თურქეთის გაზრდილ ენერგეტიკულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თავად თურქეთს ძალიან მცირე ენერგო რესურსები აქვს და ცდილობს ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას რუსეთის და ირანის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
თუმცა თურქეთის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის თანამშრომლობაზე შეშფოთება არა მხოლოდ ბაღდადში გამოითქვა. ამის შესახებ უფრო დეტალურად, თურქული გაზეთის „ტარაფის“ და ვებ-გვერდის „ალ მონიტორის“ პოლიტიკური ანალიტიკოსი სემი იდიზი საუბრობს.
სემი იდიზი: ერთი ბრალდება, რომელიც თურქეთს წაუყენეს, ეს არის მისი დამოკიდებულება ქურთებთან და შესაბამისად, ერაყის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ერაყის ეს ბრალდება ბაღდადიდან და ვაშინგტონიდან გაისმა. ასე რომ, სავარაუდოდ ბაღდადი დაიწყებს თურქეთის მხრიდან ისეთი პოლიტიკის ძიებას რომელიც ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას განამტკიცებს და არა პირიქით.
ამ დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ნეჩირვან ბარზანი, მოსალოდნელია რომ ბაღდადს ეწვიოს. გასულ ოთხშაბათს ის თავის თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
ქურთისტანის ხელისუფლების თურქეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი წლების წინ ბაღდადთან დაძაბულობის მთავარი თემა იყო. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ურთიერთობების აღდგენის მიზნით ინტენსიური ძალისხმევა დაიწყო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანი ლევენტ გამრუკჩუ აცხადებს, რომ ამ მცდელობებმა უთანხმოების აღმოფხვრისთვის უფრო კარგი ფონი შექმნა.
ლევენტ გამრუკჩუ: მეზობლებს და მეგობრებს შორის უთანხმოება შეიძლება არსებობდეს, თუმცა მთავარია იყოს გონივრული და აზრიანი დიალოგის ნება და მე ვფიქრობ, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა ერაყის ხელისუფლებასთან. ხანდახან ვთანხმდებით, ხანდახან ვერ, თუმცა როგორც შეგვიძლია ვცდილობთ დიალოგის გამართვას.
ექსპერტები ენერგეტიკულ საკითხებში აცხადებენ, რომ თურქეთის მხარდაჭერით ქურთისტანის რეგიონი მომავალ წლებში საბოლოოდ შეიძლება მსოფლიოსთვის ერთერთი მთავარი ენერგო მიმწოდებელი გახდეს. ასეთი პოტენციალი არა მხოლოდ თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნილებისთვის ითამაშებს მნიშვნელოვან როლს, არამედ ქურთისტანის რეგიონს საერთაშორისო დონეზე ენერგეტიკულ ცენტრად აქცევს. ანალიტიკოსი ულგენი ამბობს, თურქეთსა და ქურთისტანის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა ბაღდადის თანხმობის თუ უარყოფის გარეშეც გაგრძელდება.
ქურთისტანის პრემიერ-მინისტრმა ბარზანიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ პირველი ნავთობით დატვირთული ტანკერები თურქეთისკენ ამ წლის ბოლომდე დაიძვრებიან. მიმომხილველები ამბობენ, რომ ერაყს, თურქეთსა და ქურთისტანის ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განსამუხტად საკმაოდ ცოტა დრო რჩება.