ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს


სირია, ისრაელი და ერაყი ერდოღანის და ობამას შეხვედრი მთავარი თემებია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხუთშაბათს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხვდება. ორი ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ ორწლიან კონფლიქტს, რასაც 70 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პოსტიდან წასვლა უნდა მოყვეს. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იტყობინება, ობამას და ერდოღანს აქვთ მკაფიო უთანხმოება სირიის საკითხის მოგვარებასთან და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებთან დაკავშირებით.

თურქეთის ქალაქ რეიჰანლში შაბათს ავტომობილების აფეთქების შემდეგ მოსალოდნელია, რომ პრემიერ მინისტრმა ერდოღანმა ობამას დამასკოსთან მიმართებაში უფრო კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდოს.

სტამბოლის ედამის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სინან ულგენი ამბობს, რომ თურქეთის პრემიერს პრეზიდენტ ობამას მიმართ კონკრეტული მოთხოვნები აქვს რომელზეც მასთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.

სინან ულგენი: თურქეთი შეეცდება დაარწმუნოს ამერიკა, რომ სირიასთან მიმართებაში უფრო ინტერვენციული მიდგომა გამოიჩინოს, როგორიც მაგალითად არასაფრენი ზონის გამოცხადებაა. ამით შესაძლებელი გახდება ხმელეთზე სამხედრო ძალთა დაბალანსება. ულგენის აზრით, ერდოღანმა არგუმენტები იმის გათვალისწინებით ჩამოაყალიბა, რომ სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩათრევის რეალური საშიშროება არსებობს.

თუმცა, მოსკოვი და ვაშინგტონი ერთობლივად მუშაობენ კონფერენციის ორგანიზებაზე, რომლის მიზანი სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზების მოძებნაა. მიმომხილველები ამბობენ, რომ ანკარაში ნაკლები მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი დაუყონებლივ შეცვლის საკუთარ პოზიციას.

ანალიტიკოსი ულგენი ფიქრობს, რომ ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას სხვა ფრონტზეც მოსინჯავს.

სინან ულგენი: შანსი უნდა მისცენ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ამასთან დაკავშირებით რუსეთის და შეერთებული შტატების ბოლო სამიტზე გამოიკვეთა. ხოლო თუ ამ მიმართულებით შედეგი არ იქნა მიღწეული, მაშინ შეერთებულმა შტატებმა სირიასთან მიმართებაში საკუთარ მერყევ პოზიციას უნდა გადახედოს. ეს იქნება თურქეთის ხელმძღვანელობის მთავარი შეტყობინება ვაშინგტონისთვის.

მიმომხილველები, რომლებიც ახლოს არიან თურქეთის მმართველ ძალასთან ამბობენ, რომ ისინი ელიან პრეზიდენტ ობამასგან, რომ იგი შეეცდება თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოღანს შეუმსუბუქოს არსებული დიპლომატიური მცდელობა, და თან დაარწმუნოს სირიის ოპოზიციური კოალიცია დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს.

ანკარა სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია და წინააღმდეგია ასადთან ან მის წარმომადგენელთან დიალოგის გამართვაზე. ვაშინგტონს შეუძლია ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად შეამსუბუქოს.

მომავალ კვირას სტამბოლში შეხვედრის მიზნით ჩადის სირიის ოპოზიცია, სადაც გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სამშვიდობო კონფერენციაში.

შემდეგი პოტენციურად რთული საკითხი თურქეთის და ისრაელის ურთიერთობებია. შეერთებული შტატების ორი მთავარი მოკავშირე ქვეყანა ცდილობს დააახლოვოს მათი პოზიციები მას შემდეგ რაც ისრაელის სპეც-დანიშნულების რაზმების მიერ თურქულ გემზე განხორციელებულ რეიდს 9 თურქის სიცოცხლე შეეწირა. გემს პალესტინისთვის ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა. ეს ფაქტი 2010 წელს მოხდა, როცა გემი ბლოკადის გარღვევას და ღაზას სექტორში შესვლას ცდილობდა.

თურქეთის გაზეთ მილიეთის დიპლომატიური მიმომხილველი ასლი აუდინტასბასი ამბობს, რომ ობამა დაინტერესებულია მხარეთა პოზიციები რაც შეიძლება მალე დაახლოვდეს.

ასლი აუდინტასბასი: ცხადია, რომ ისრაელის მობოდიშებაში ვაშინგტონმა შუამავლის როლი შეასრულა 2010 წლის მავი მარმარას ფლოტილიის ინციდენტში, რამაც თურქეთის და ამერიკის ურთიერთობაში დადებითი როლი შეასრულა. მრავალ საკითხთან დაკავშირებით ერდოღანმა და ობამამ ერთობლივად კარგად იმუშავეს. თუმცა, ისრაელსა და თურქეთს შორის დაძაბულობა ყოველთვის იყო პრობლემა ვაშინგტონისთვის თურქეთთან თანამშრომლობის კუთხით.

ამერიკის პრეზიდენტის და თურქეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრის დროს ასევე მოსალოდნელია ერაყის საკითხის განხილვაც. ერაყში მზარდი სექტანტური ძალადობა ბაღდადის და ანკარის ურთიერთობას ამწვავებს. ერდოღანის და ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის მთავრობები ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

სემი იდიზი თურქული გაზეთის მილიეთის პოლიტიკური კორესპონდენტია, რომელიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

სემი იდიზი: ერაყი დელიკატურ პრობლემად ისევ რჩება. მალიკის მთავრობასა და ანკარას შორის ისევ არსებობს დაძაბულობა, იმის მიუხედავად რომ ამერიკა სიტუაციის მოწესრიგებას ცდილობს. ვაშინგტონი შეიძლება შეეცადოს თურქეთის დარწმუნებას მალიკთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ხოლო თურქეთი შეეცდება ვაშინგტონი დაარწმუნოს, რომ ალ-მალიკზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ერაყის სუნიტებთან დაკავშირებით უფრო სამართლიანი იყოს.

მოსალოდნელია, რომ ერდოღანის ვიზიტმა ვაშინგტონში თურქეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ რეგიონში ერთიდაიგივე მიზნები ამოძრავებთ, განსხვავებები მაინც არსებობს და ვიზიტის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ ამ განსხვავებულ შეხედულებებთან დაკავშირებით როგორ შეთანხმებას მიაღწევენ.
XS
SM
MD
LG