ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთული ნავთობი და ინტერესები


ერაყის ქურთისტანიდან ნავთობის ექსპორტმა შესაძლოა 2013 წლისთვის დღეში 250 ათას ბარელს მიაღწიოს

იმ დროს, როდესაც ქურთების პრობლემა ახლო აღმოსავლეთში კვლავ მოუგვარებელია, ერაყში შემავალმა ნახევრად ავტონომიურმა ქურთულმა რეგიონმა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე თავის დამკვიდრება დაიწყო. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, მარკ სნოუვისი დეტალებს იმ ნავთობგარიგებების შესახებ არკვევდა, რომელიც ოფიციალური ბაღდადის გვერდის ავლით ხორციელდება. ეს კი ქურთებს არსებული ავტონომიური უფლებების გაფართოვების შანსს აძლევს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელობამ უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობის და გაზსადენის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მეზობელი თურქეთის საშუალებით ქურთებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. ამავდროულად, ქურთი ლიდერები უმსხვილეს ნავთობკომპანიებს უკავშირდებიან, ასევე ძლიერდება თანამშრომლობა თურქულ კომპანიებთან. ეს ნაბიჯები ქურთების დამოუკიდებელ ეკონომიკურ ინტერესებზე მეტყველებს. ეს გარიგებები, არა მხოლოდ ერაყის ცენტრალურ მთავრობას აყენებს დარტყმას, არამედ ბაღდადის და ანკარის ურთიერთობების დაძაბვასაც იწვევს.

შეერთებული შტატების ყოფილი საერთაშორისო დესპანი ენერგოსაკითხებში, დევიდ გოლდვინი ამბობს, რომ ქურთი ლიდერების დამოუკიდებელი ნაბიჯები ენერგეტიკის სფეროში ანკარას რისკის ქვეშ აყენებს.

„თურქეთს ერთიანი და მთლიანი ერაყი სურს. მას არ უნდა თურქეთში ან მის საზღვრებთან ქურთული ავტონომიის შექმნა. მეორეს მხრივ, მათ აქვთ ინტერესები ქურთისტანის ეკონომიკაში, რადგანაც ეს როგორც ქურთებს აძლევს ხელს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქული კომპანიებისთვის. მესამე, თურქებს ერაყის პოლიტიკური სტაბილურობა აინტერესებთ. ამდენად, ორივე მხარეს გააჩნია რთული და შერეული ინტერესები,“ - ამბობს გოლდვინი.

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთულ რეგიონში ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგებია. თუმცა, წლების განმავლობაში, ერაყის ფედერალურ მთავრობასა და ქურთ ლიდერებს შორის წარმოქმნილი დავის გამო, ეს მარაგები საერთაშორისო ბაზრისთვის მისაწვდომი არ იყო.

ფედერალური კონტროლის მეშვეობით, ნავთობშემოსავლებს ბაღდადი იღებს და შემდეგ ანაწილებს. ერაყის სამხრეთის ნავთოსაბადოებიც ასევე ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლდება.

აპრილში ქურთული რეგიონის მთავრობამ ნავთობის ექსპორტი დროებით შეაჩერა და ამით ცენტრალური მთავრობის მხრიდან დავალიანების გამო პროტესტი გამოხატა. გადაზიდვები აგვისტოში განახლდა, ხოლო სექტემბერში კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ერაყის ფედერალურმა კაბინეტმა ქურთებთან ახალი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

როგორც ქურთული მთავრობის ნავთობმრეწველობის მინისტრმა, აშტი ჰავრამიმ განაცხადა, ამ შეთანხმების მიხედვით ნავთობის ექსპორტმა შესაძლოა 2013 წლისთვის დღეში 250 ათას ბარელს მიაღწიოს. ქურთული მთავრობა 2015 წლისთვის ნავთობის ექსპორტის მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს.
ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, გრეგორი გაუსი ამბობს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა ერაყის ნავთობის ბედი მთლიანად ქურთების ხელში მოაქციოს.

„თუკი ეს მოხდება და ახალი მილსადენები ამოქმედდება, ჩემი აზრით, ბაღდადის გავლენა ქურთულ ნავთობზე თითქმის ნულამდე შემცირდება,“ - ამბობს გაუსი.

თუმცა, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქურთული ნავთობის საკითხი გაზვიადებულია. ერაყის ნავთობმარაგების თითქმის 75 პროცენტი ქვეყნის სამხრეთშია კონცენტრირებული. ქურთები ერაყული ნავთობის მხოლოდ 6 პროცენტს აკონტროლებენ. დანარჩენი მარაგი კი სადავო კირკუკის რეგიონშია თავმოყრილი. დენიზ ნათალი ვაშინგტონში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია, ის ამბობს, რომ ერაყის სამხრეთში მდებარე ნავთობის საბადოები ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა.

„ქურთისტანს არ გააჩნია 45 მილიონი ბარელი, როგორც აცხადებს. მისი ნავთობის მარაგის უდიდესი ნაწილი სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, რის გადაცემასაც არასდროს დათანხმდება ცენტრალური მთავრობა,“ - ამბობს ნათალი.

აღსანიშნავია, რომ ერაყში პოლიტიკური მღელვარება გრძელდება. დეტსაბილიზაციის მსურველი ჯგუფები უფრო ქვეყნის სამხრეთში მოქმედებენ. ამდენად, ქურთული რეგიონი შედარებით სტაბილურია, რაც ინვესტორთა დაინტერესებას იწვევს. გასულ წელს ქურთული რეგიონის მთავრობასთან პირველი მსხვილი გარიგება „ექსონმობილმა“ გააფორმა. ამის შემდეგ, უკვე მოქმედება დაიწყეს „შევრონმა“, „ფრანს ტოტალმა“ და რუსულმა გაზპრომმა.

ერაყის ფედერალური მთავრობა კონტრაქტების გაფორმებასა და ნავთობის და გაზის ექსპორტზე უფლებას ინარჩუნებს. ქურთები თვლიან, რომ ერაყის კონსტიტუცია პროვინციებს ნავთობწარმოებაზე კონტროლის უფლებას აძლევს. როგორც ქურთული მთავრობის წარმომადგენელი ფუად ჰუსეინი ამბობს, კონსტიტუციის მიხედვით მათ უფლება აქვთ განავითარონ საკუთარი ნავთობმრეწველობის ინფრასტრუქტურა, რაშიც წილი ექნება როგორც ადგილობრივ მთავრობას ასევე ფედერალურ ხელისუფლებას. ეს საკითხები კი ქურთული სუვერენიტეტის პრობლემას უკავშირდება. როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ქურთული რეგიონი ერაყის ნაწილად დარჩება და საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას ნავთობის საშუალებით შეეცდება.
XS
SM
MD
LG