იდალია - ასე ჰქვია ქარიშხალს, რომელსაც ფლორიდაში რამდენიმე საათში ელოდებიან. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ დროისთვის ქარიშხალი კუბას სანაპიროებს გასცდა და ფლორიდის სანაპიროებისკენ გადაადგილდება, სადაც უკვე მეორე დღეა სპეციალური ზომებია მიღებული.
ფლორიდის შტატში უკვე გაცემულია ევაკუაციის მოწოდება. შტატის გუბერნატორი რონ დესანტესი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფრებში გადავიდნენ და ქარიშხლის დასრულებას იქ დაელოდონ.
სპეციალურ ბრიფინგზე დესანტესმა მოსახლეობას მოუწოდა ნუ დატოვებენ შტატს, რადგან ამის საჭიროება არ არის.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია“,- ამბობს დესანტესი.
ფლორიდის შტატში უკვე მობილიზებულია ეროვნული გვარდია და ადგილობრივი სამაშველო სამსახურები. მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების ფანჯრებსა და კარებებს სპეციალური ფიცრებით ფარავს.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფრები მანამ, სანამ ახალი შეტყობინება არ გავრცელდება, რადგან ქარიშხლის გადავლის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი წვიმისა და ქარის შენარჩუნება.
სპეციალისტებს უკვე დაყოფილი აქვთ ყველაზე მაღალი რისკისა და დაბალი რისკის ტერიტორიები, თუმცა არ არის გამორიცხული ეს მონაცემები შეიცვალოს. შტატის გუბერნატორი განმარტავს, რომ მუშაობა აქტიურად, 24 საათის განმავლობაში გრძელდება.
შტორმი ამერიკის სანაპიროს რამდენიმე საათში მიაღწევს. ამ დროისთვის იდალია ფლორიდის სანაპიროებიდან 400 კილომეტრით შორს არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქარიშხალი 30 აგვისტოს მაქსიმალურ სიძლიერეს მიაღწევს.
მოგვიანებით ქარიშხალს ელოდებიან ამერიკის კიდევ ერთ შტატში, ჯორჯიაში, სადაც ასევე მიმდინარეობს სამზადისი. შტატის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჯორჯიის შტატში ქარიშხლის სიძლიერე შედარებით მცირე იქნება.
Facebook Forum