ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემინემი რესპუბლიკელ რამასვამის მისი სიმღერების გამოყენებას უკრძალავს


ვივეკ რამასვამი, რომელიც იბრძვის გახდეს რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდეგ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ამერიკელი რეპერის, „ემინემის“ სიმღერებს ვეღარ შეასრულებს.

რეპერის სახელით განცხადება 28 აგვისტოს “ბი-ემ-აიმ“, მუსიკალურ სფეროში საავტორო უფლებების ლიდერმა ორგანიზაციამ გაავრცელა და რესპუბლიკელ რამასვამის მოუწოდა, საკუთარი კამპანიის ფარგლებში, ამერიკელი რეპერის რეპერტუარი აღარ გამოიყენოს.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან საუბრის დროს, რამასვამის წარმომადგენელი ამბობს, რომ ემინემის სიმღერებს მათი კამპანიის ფარგლებში აღარ გამოიყენებენ.

გამოცემა „დეილი მეილიმ“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ამომრჩეველთან ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო გადაღებული. ვიდეოში ჩანდა ვივეკ რამასვამი, რომელიც ემინემის სიმღერას მღეროდა. „ბი-ემ-აი“ ამბობს, რომ სწორედ ამ ვიდეოს შემდეგ მიიღო წერილი ემინემისგან, სადაც მუსიკოსი ამბობდა, რომ არ სურდა მისი მუსიკა რამასვამის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ყოფილიყო გამოყენებული.

რამასვამი ბიზნესმენია, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. ის პირველად საზოგადოების წინაშე გასულ კვირას გამართულ რესპუბლიკური პარტიის დებატების დროს გამოჩნდა. დებატების შემდეგ მონაცემები აჩვენებს, რომ მისი რეიტინგი რამდენიმე კონკურენტთან შედარებით გაიზარდა.

ვივეკ რამასვამი, 38 წლისაა და ის დონალდ ტრამპის, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, ახლა რამასვამიც და დონალდ ტრამპიც პარტიის ნომინაციისთვის იბრძვიან და ერთმანეთის კონკურენტები არიან.

პოლიტიკური ქარიზმის როლი საპრეზიდენტო კამპანიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

დონალდ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით, ამ დროისათვის, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ტრამპი ამბობს, რომ ნომინაციისთვის ბრძოლისთვის არ გეგმავს პარტიის დებატებში ჩაერთოს. მომდევნო დებატები სექტემბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG