პაპ ფრანცისკეს განზრახვა არ იყო რუსული იმპერიალიზმის განდიდება, როდესაც ხოტბა შეასხა მეფეებს, რომლებმაც რუსეთის იმპერია გააფართოეს - განაცხადა სამშაბათს ვატიკანმა გასულ კვირაში გაკეთებული კომენტარების შემდეგ, რომელიც უკრაინამ გააკრიტიკა, კრემლმა კი მოიწონა.
პარასკევს, ფრანცისკემ წინასწარ მომზადებული ტექსტის გარეშე რუს ახალგაზრდობას უთხრა, რომ ახსოვდეთ, ისინი წარსულის ისეთი მეფეების მემკვიდრეები არიან, როგორიცაა პეტრე პირველი და ეკატერინე მეორე.
ორმა მონარქმა, რომლებსაც ისტორიკოსები „დიდ“ მეფეებს უწოდებენ, მე-17 და მე-18 საუკუნეებში, რუსეთი უზარმაზარ იმპერიამდე გააფართოეს, მათ შორის, უკრაინის ნაწილების დაპყრობის ხარჯზე. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასულ წელს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის და მისი ტერიტორიის ანექსიის გასამართლებლად, იმ მეფეების მემკვიდრეობას იყენებს.
ვატიკანის პრეს-მდივანმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა: „პაპის მიზანი იყო წაეხალისებინა ახალგაზრდობა, რათა შეინარჩუნონ და ხელი შეუწყონ ყველაფერ დადებითს, რაც დიდებულ რუსულ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას გააჩნია და ნამდვილად არ ფიქრობდა განედიდებინა იმპერიალისტური ლოგიკა და მთავრობის პირები, (რომლებიც მან) ახსენა, რათა კონკრეტულ ისტორიულ პერიოდზე მიენიშნებინა.“
ფრანცისკემ თქვა: „თქვენ დიდი რუსეთის მემკვიდრეები ხართ - წმინდანების, მეფეების, დიდი რუსეთის, პეტრე დიდის და ეკატერინე მეორის დიდი რუსეთის, დიდი რუსული იმპერიის, კულტურის, დიდი კულტურის, დიდი ჰუმანიზმის. თქვენ დიდი დედა რუსეთის მემკვიდრეები ხართ. წინ გაემართეთ.“
კიევმა ამ კომენტარებს „ღრმად სამწუხარო“ უწოდა. „ეს ზუსტად ისეთი იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი კავშირებით“ და „დიდი დედა რუსეთის“ გადარჩენის „საჭიროებითაა“ გაჯერებული, რასაც კრემლი ათასობით უკრაინელის მოკვლის და უკრაინული ქალაქების და სოფლების განადგურების გასამართლებლად იყენებს,“ - დაწერა ფეისბუქზე ოლეგ ნიკოლენკომ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა.
ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ილვესმა, რომლის ქვეყანაც რუსეთმა პეტრე პირველის მეფობის დროს დაიპყრო, პაპის კომენტარებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) „ნამდვილად ამაზრზენი“ უწოდა.
არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავ შევჩუკმა, უკრაინაში პაპისადმი ერთგული კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავარმა თავის განცხადებაში თქვა, რომ პონტიფიკოსის სიტყვებმა „დიდი ტკივილი და შეშფოთება“ გამოიწვია.