უკრაინა სახელოვან პილოტს, ანდრი პილშჩიკოვს ემშვიდობება. სამშაბათს, საბრძოლო საჰაერო ხომალდების გამორჩეული პილოტისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად, ეკლესიაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
30 წლის პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", წვრთნებისას მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ის უკრაინის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო და ქვეყნის მთავრობასთან ერთად დასავლელი ლიდერების დარწმუნებას ცდილობდა, რომ კიევს ამერიკული ავიამოიერიშეები - F-16-ები მიეღო.
სამოქალაქო პანაშვიდზე მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ომის უამრავი მსხვერპლის პირობებშიც, თითოეული სიკვდილი მტკივნეულია და მას განსაკუთრებული, ახალგაზრდა და ნიჭიერი მოქალაქეები ეწირებიან.
საჰაერო ძალების პრეს-სპიკერმა პილშჩიკოვს "მეგა-ტალანტი" უწოდა. ის ერთ-ერთი პირველი პილოტი იყო, რომელიც უკრაინამ ამერიკაში გაგზავნა იმისთვის, რომ F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების მზაობა შემოწმებულიყო.
უკრაინული მედია წერს, რომ პილშჩიკოვი საჰაერო ძალებში რეფორმის წამყვანი ძალაც იყო და უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოც.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იყო "ერთ-ერთი მათგანი, ვინც ქვეყანას უდიდესი დახმარება გაუწია".
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის ამერიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინა ავიამოიერიშეებს სავარაუდოდ მალე მიიღებს.
"მე ავალ იქ, მის მაგივრად", - თქვა პილოტის დედამ და საჰაერო ძალების მეთაურისგან ამის დაპირებაც მიიღო.
პილშჩიკოვთან ერთად კატასტროფისას კიდევ ორი პილოტი დაიღუპა. პარასკევს ერთმანეთს ორი საბრძოლო თვითმფრინავი L-39 შეეჯახა.
დეკემბერში "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში პილშჩიკოვი ამბობდა, რომ ის "მიგ-29"-ებით რუსული დრონებსაც კი ებრძოდა.