ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ ომის განმავლობაში უკრაინაში არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება


2024 წელს შესაძლოა უკრაინაში არჩევნები გაიმართოს, თუმცა ამისთვის კიევს დასავლეთის მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდება.

უკრაინულ არხ „1+1“-თან საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ საჭირო იქნება საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნა და საკანონმდებლო ცვლილებებიც. მისი თქმით, რადა მზად არის სამუშაო პროცესი დაიწყოს.

ამჟამად უკრაინის კანონმდებლობით ომის დროს ქვეყანაში არჩევნების გამართვა აკრძალულია. კანონმდებლობის შესაბამისად 2023 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 90 დღით არის გადადებული და მას ვადა 15 ნოემბერს ეწურება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ არასაომარ ვითარებაში უკრაინაში არჩევნების ორგანიზებისთვის 135 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ომის დროს კი ეს ხარჯები გაცილებით დიდი იქნება. ინტერვიუს დროს პრეზიდენტი განმარტავს, რომ არ გეგმავს არჩევნებისთვის თანხები, სამხედრო დახმარების პაკეტიდან მიმართოს რადგან ამას კანონმდებლობა კრძალავს.

უკრაინაში არჩევნების ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიევში 23 ამერიკელი კანონმდებელი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე გაეცნენ უკრაინის კონტრშეტევის მიმდინარეობას და კიევს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„წაგების უფლება არ გვაქვს,“ თქვა ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა კიევში ყოფნის დროს. რესპუბლიკელმა სენატორმა აქვე აღნიშნა, რომ ისურვებდა უკრაინაში არჩევნების ხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომია. სენატორი ფიქრობს, რომ კიევს შეუძლია ანახოს მსოფლიოს, რომ ომის დროს უკრაინაში დემოკრატიული არჩევნები შესაძლებელია, რომ ჩატარდეს.

„თქვენ უნდა გააკეთოთ ორი რამ ერთდროულად. ჩვენ გვჭირდება არჩევნები უკრაინაში მომავალ წელს. მე მინდა ვნახო რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შესაძლებელია მაშინაც კი როცა ქვეყანა ომშია ჩართული“, - თქვა სენატორმა გრემმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოგვიანებით სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მან და სენატორმა ამ საკითხზე ისაუბრეს. ზელენსკი განმარტავს, რომ თუ კიევი დასავლეთისგან დახამრებას მიიღებს კიევი მზად არის არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყოს.

„გამოსავალი არსებობს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მილიონობით უკრაინელი ახლა ქვეყნის გარეთ იმყოფება, ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს არჩევნების გამართვის შესაძლებლობას, თუმცა როგორც ზელენსკი ამბობს, შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში 2024 წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG